14:40 13.08.2020
„ხვალ არასოდეს მოკვდება“ - ფრანგული გაზეთი «Liberation»

ფრანგულმა გაზეთმა «Liberation»-მა 12 აგვისტოს ნომრის პირველ გვერდზე  რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულება გამოაქვეყნა - სუპერაგენტ ჯეიმს ბონდის კოსტიუმით. თანაც პისტოლეტის ნაცვლად მას ხელში უჭირავს შპრიცი რუსული ვაქცინით კორონავირუსის წინააღმდეგ. სტატიის სათაური ასე ითარგმნება: „ხვალ არასოდეს მოკვდება“ - ჯეიმს ბონდის შესახებ ერთ-ერთი ფილმის მიხედვით.


გაზეთის პირველ ოთხ გვერდზე გამოქვეყნებულია საფრანგეთში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით არსებული სიტუაციის მასალები, აგრეთვე რუსეთში შექმნილი ვაქცინის შესახებ.


როგორც ცნობილია, ამ დღეებში რუსეთმა განახორციელა მსოფლიოში პირველი ანტიკოვიდური ვაქცინის რეგისტრაცია, სახელწოდებით „სპუტნიკ-V“. როგორც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, პრეპარატმა შემოწმება გაიარა და ადამიანებში მდგრად იმუნიტეტს აყალიბებს.


რამდენიმე ქვეყანამ გულგრილად აღიქვა ეს ახალი ამბავი, ზოგიერთმა მეცნიერმა და  სამედიცინო კვლევითმა ორგანიზაციებმა ვაქცინის სწრაფი რეგისტრირება გააკრიტიკეს. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ კრიტიკული გამონათქვამები უსაფუძვლოდ მიიჩნია და ივარაუდა, რომ საქმე კონკურენციას ეხება. მისი თქმით, ვაქცინის შესაქმნელად ფორსირებული (დაჩქარებული) რეჟიმი ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა, მაგრამ რუსული ვაქცინა დიდი ხნის კლინიკური ცოდნისა და მონაცემების შედეგს წარმოადგენს.


პუბლიკაციის ავტორები განმარტავენ, რომ ვაქცინამ სახელწოდება მიიღო დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის (რუს. «Спутник») საპატივსაცემოდ, „რომლის გაშვებამ 1957 წლის ოქტომბერში მთელი მსოფლიო გააკვირვა და ამერიკელებს კოსმოსურ რბოლაში გადაუსწრო“.


„ის სიჩქარე, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა ვაქცინის შექმნის თაობაზე განაცხადა, გასაკვირია. რას ნიშნავს ეს? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინის შექმნის ფაქტზე ძალიან ფრთხილი რეაგირება გააკეთა. არის ეჭვი, რომ სერიოზული კლინიკური გამოკვლევები არ ჩატარებულა“, - აღნიშნულია სტატიაში.


„ვლადიმერ პუტინი - მსოფლიოს მხსნელი?“ - ამ სათაურით იმავე „ლიბერსიონ“-ში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატიაც, რომელიც ასევე რუსულ ვაქცინას და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეძღვნება.


„პუტინი - მსოფლიოს მხსნელი? დღეისათვის რუსეთის პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანია, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყნის ლაბორატორიაშისასწაულებრივი ვაქცინა შექმნის „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, კრემლის ბინადარს სამეცნიერო საზოგადოების სკეპტიციზმი არ ადარდებს: რა საჭიროა ყურადღება მიაქციოს ექსპერტების თვალსაზრისებს, როცა შეიძლება მთელ პლანეტაზე ყველას გაუსწრო და უპირველესი გახდე?“, - წერს სარედაქციო სტატიის ავტორი, - აშკარაა, რომ  პუტინს სურს პირველმა მონიშნოს თავისი დროშით ხელუხლებელი ტერიტორია ვაქცინის გამოსაყენებლად და მსოფლიოს მხსნელის სახელი დაიმკვიდროს“.


წყარო: https://ria.ru/20200812/1575688023.html?utm_source=yxnews&utm_medium=desktop

----------------

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge