20:09 13.08.2020
“მიუხედავად იმისა, რომ ერთ სოფელსა და თემში კორონავირუსის 32 შემთხვევა გვაქვს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ამირან გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში პატარა ეპიდაფეთქება მალე დასრულდება.

 

“მიუხედავად იმისა, რომ ერთ სოფელსა და ერთ თემში კორონავირუსის 32 შემთხვევა გვაქვს, სიტუაცია, სრულად ექვემდებარება კონტროლს. არავითარი პანიკა არ არის. ეპიდემიოლოგებს ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან აქტიურად ეხმარება. ადამიანების გამოყვანა ტესტირებისთვის ორგანიზებულად ხდება. ვფიქრობთ, ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ხდება ბრიგადების მობილიზება იმისთვის, რომ მათ ვისაც კარანტინი უმთავრდებათ, შესაბამისი ტესტირება ჩაუტარდეთ.

 

„300-მდე ადამიანია მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული. დღეს გაკეთდება გეგმა, როდის უმთავრდებათ მათ კარანტინის 12 დღე. ყველა უნდა გაიტესტოს და ისე გავიდეს კარანტინიდან. ამისთვის ხდება ბრიგადების მობილიზებაც“, - ამბობს გამყრელიძე.

 

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge