21:37 14.08.2020
„მთელი ქართული ოპოზიცია, ბოლო 30 წელია, ერთ წრეზე ბრუნავს, სახელმწიფო გადატრიალების აჩრდილთან ერთად“

გიორგი ცუცქირიძის პოსტი: 

 

სხვადასხვა სოციალური კვლევის შედეგები, მიუხედავად ყველა ამ ტიპის კვლევის მათი მეტ-ნაკლებად სუბიექტური ხასიათისა, აჩვენებს იმ რეალობას რაც ქართულ საზოგადოებაში არის შექმნილი. ფაქტია, რომ სახელისუფლებო გუნდს აქვს გაცილებით მაღალი შეფასება, ოპოზიციისაგან განსხვავებით, და აქ იგულისხმება როგორც ცალკეული ოპოპარტიები, ასევე ოპოზიცია ჯამურად.

 

აღნიშნული კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. მოსახლეობას, განსაკუთრებით კრიზისებისას და მით უმეტეს გაურკვევლობაში, რეალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, ხვალინდელი დღის პერსპექტივა უფრო აინტერესებს, ვიდრე თავს მოხვეული ვირტუალური რეალობა, წარსულის თემატიკით მანიპულაცია, თუ მით უმეტეს ამ რეალობის მუქ და უპერსპექტივო ფერებში წარმოსახვა. არსებული სიტუაციის უნიკალურობა და ოპოზიციის სრული დეგრადირება კი იმაშიც გამოიხატება, რომ ჩვენგან განსხვავებით კრიზისებისას მთავრობის რეიტინგი ყველგან იკლებს, რადგან როგორი კარგი ანტიკრიზისული მენეჯმენტიც უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას კრიზისი ამცირებს შემოსავლებს და ბუნდოვანს ხდის მომავალს!. შესაბამისად, ნონსესნსია მთავრობის რეიტინგის ზრდაც!

 

ქართული ოცნების უპირობო უპირატესობა არის ერთის მხრივ, ანტიკრიზისული მენეჯმენტის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში, და მეორეს მხრივ, ოპოზიციის სრულ არაადექვატურობაში და პირობითად სისუსტეში საძიებელი. დღესაც კი ოპოზიციას არ წარმოუდგენია ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული ხედვა, ცალკეული შეთავაზებები გადასახადების დაწევაზე თუ სამთავრობო ხარჯების შემცირებაზე, ან პენსიების და ხელფასების ზრდაზე, არის უკვე დრომოჭმული ნეო ლიბერალური რეცეპტების გადამღერება და ტრაფარეტულ ხასიათს უფრო ატარებს! და მაინც რაშია ასახული ქართული პოლიტიკური სპექტრის „ბრწყინვალება და სიღატაკე“ ? ამაზე ბევრი ექსპერტი მიუთითებს, მაგრამ თუ რატომ ვერ სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლების ალტერნატივას, პრაქტიკულად პასუხი არ არის გაცემული.

 

ჩემი აზრით, ოპოზიციის სისუსტის და იდეათა ნაკლებობის მთავარი ბარომეტრი არის ის ნეო ლიბერალური, იგივე გამრუდებული ლიბერალიზმის იდეოლოგიური ნიშა რაზეც მთელი ქართული ოპოზიცია ბოლო 30 წელია ერთ წრეზე ბრუნავს, სახელმწიფო გადატრიალების თანამონაწილეობის აჩრდილთან ერთად. ასეთ პირობებში, ოპოზიციის იდეური სიდუხჭირე სულაც არ არის გასაკვირი, მით უმეტეს თანამედროვე რადიკალური ლიბერალიზმის ტრანსჰუმანიზმის და მულტიკულტურიზმის კრახის ფონზე. ამიტომაც არის, რომ ქართული ოპოზიცია ახალს ვერაფერს სთავაზობს ელექტორატს, გარდა დროგადასული და გაკოტრებული ნეო ლიბერალური მანტრისა. შემთხვევითი არ არის, რომ მათ პროგრამებში ადამიანი, როგორც პროცესის მთავარი შემოქმედი და სუბსტანცია სულაც გარიყულია პროცესებიდან.

 

დღეს მსოფლიოს ნომერ პირველ მეგაპოლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაშდება ორი იდეოლოგიის ნეო ლიბერალური, ფაქტიურად წარმავალი იდეოლოგიის და მისი ალტერნატივის კონსერვატორული მსოფლმხედველობის გლობალური დაპირისპირება. ერთ მხარეს არის ტრამპი და მისი გუნდი პენსის და კოხების ოჯახის სახით, ამერიკული ნაციონალური კაპიტალით და კონსერვატორული ამერიკული ელექტორატით მხარდაჭერილი და მეორე მხარეს, დემოკრატები, მხარდაჭერილი ტრანსნაციონალური ფინანსური იერარქიის, მემარცხენე რადიკალების, პირობითად სოროშის, სანდერსის და ბაიდენის სახით.

 

ეს დაპირისპირება ატარებს ეგზისტენციალურ ხასიათსაც, რაც ჩვენი მედიით ფაქტიურად არ შუქდება და ტაბუირებულია, რაც პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის ფლანგზე მყოფი მედია ტრიუმვირატის( მთავარი არხი, ტვ პირველი და ფორტუნა) პოლიტიკას ეხება. უფრო გასაგები რომ იყოს, შევნიშნავ, რომ ამ დაპირისპირების ერთ მხარეს დგას ღმერთი, ოჯახი და ტრადიციები, როგორც უმაღლესი სუბსტანცია და მეორე მხარეს ღია ათეიზმი, ოჯახის და ტრადიციის უარყოფით, კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობის სახით. დღეს მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრი ე.წ შალიკოს ფანჩატურად წოდებული სწორედ ამ ნეო ლიბერალურ ფალნგზეა განლაგებული, იქნებ ეს ნაციონალუტრი მოძრაობა, ევსაქები, ჯუნიორ ვაშაძის მოძრაობა თუ ლელო. ისე უფრო სწორი იქნება, მას ნაციონალებთან იდეოლოგიური თანხვედრის გამო, ნეო ბოლშევიკური ფლანგი უფრო ვუწოდოთ, რადგან ამერიკის და ევროპისაგან განსხვავებით ჩვენთან ლიბერალიზმი უბრალოდ არ ყოფილა და ბუნებრივია, ვერც ნეო ლიბერალიზმი იქნებოდა.

 

გლობალური ტენდენცია კონსერვატიზმის გაძლიერებისა, ასახავს იმ განწყობებს რაც მსოფლიოშია შექმნილი. სწორედ ეს ისტორიული განზომილება ქმნის საქართველოშიც ნაციონალების და მის ორბიტაზე მყოფი პოლიტისტებლიშმენტის ჩანაცვლების და თუ გნებავთ „დასრულების“ ალტერნატივასაც. ეს დრო შორს არა არის. ტრამპის გამარჯვება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, მთლიანად შეცვლის მსოფლიოს პოლიტიკურ ეკოსისტემასაც, მათ შორის საქართველოშიც უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე.

 

საქართველოში ნამდვილად არსებობს ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი კონსერვატორული პოლიტიკური ცენტრის ფორმირებისათვის, ეს ბუნებრივია, არ გულისხმობს არსებულ გამარგინალებულ ნაციონალისტურ ჯგუფებს, რომელთა მსოფლმხედველობის სიმწირე და პოზიციონირებაც აცდენულია კონსერვატიზმის იდეებთან. დრო ახალ რეალობაზე მუშაობს, კონსერვატორული პოლიტიკური ცენტრის მიერ ნეო ლიბერალური ფლანგის ჩანაცვლება გარდაუვალია და არც თუ შორეულ მომავალში!




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge