თურქეთის სახელმწიფო ტელ-ერადიო კომპანიის «TRT»-ის ქართული სამსახურის პროგრამის „კუთხე-კუნჭულის“ მორიგი გადაცემა მიეძღვნა მცენარე ტარხუნას და მისგან დამზადებულ ქართულ ლიმონათს, რომლის წარმოოების ისტორია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იწყება.
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:
ტარხუნის სამშობლო შორეული ციმბირია. თურქეთში მას „დარგუნს“, „მწვანე ოქროს“, კავკასიაში კი „გველეშაპის ბალახსაც“ ეძახიან. თავისი არომატული და განსხვავებული გემოს გამო ის ევროპულ სამზარეულოშიც გავრცელდა და შემდეგ ოსმალურ კერძებშიც დაიმკვიდრა თავი. ქართულ ტრადიციულ კერძს „ჩაქაფულს“ განსაკუთრებულ არომატს სწორედ ეს მცენარე უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ტარხუნა ძირითადადა კერძების არომატის გამამძაფრებელი ინგრედიენტია, კავკასიაში მისგან სასმელსაც ამზადებენ. ეს სწორედ ტარხუნის ცნობილი ლიმონათია.
თურქულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ ქართველი აფთიაქარის მიტროფანე ლაღიძის მიერ 1889 წელს ტარხუნის ესენციისა და მინერალური წყლის შერევამ ტარხუნის ლიმონათი დაბადა, რომლის ინდუსტრიული წარმოება მხოლოდ 1981 წლიდან გახდა შესაძლებელი. თუმცა არაფერია ნათქვამი ცნობილი „ლაღიძის წყლების“ შესახებ, რომელიც მიტროფანე ლაღიძემ დააარსა და რომლის სახელს უკავშირდება ტარხუნის, შოკოლადის, მსხლისა და კიდევ ბევრი სხვა არომატის - ე.წ. გაზოზის (თურქულად), ანუ იგივე გაზიანი სასმელის აღმოჩენა და გავრცელება.
ამერიკული ინდუსტრიულ ბრენდს „კოკა-კოლას“ საბჭოთა კავშირში სწორედ ტარხუნის ლიმონათი ანაცვლებდა. თურქეთში ნაკლებად ცნობილი ტარხუნისაგან გამაგრილებელი სასმელის დამზადება რამდენიმე წელია რაც დაიწყეს. სტამბოლში, ქადიქოის უბანში „გაზ ვოდად“ ცნობილი საბჭოურ დიზაინში გადაწყვეტილი პატარა კაფე სწორედ იმ მიზნით დაარსდა, რომ იქ მისულ კლიენტებს საბჭოეთი მოაგონდეს, ახალგაზრდა თაობამ კი ძველი გემოები გაიცნოს. თითქმის თბილისური ლაღიძის წყლების სტამბოლურ ვერსიად შეგვიძლია განვიხილოთ ამ კაფის კონცეფტი, რომელიც რუსი დედისა და თურქი მამის ქალიშვილმა სიუზანა ასკაროვამ შექმნა.
კაფის მეპატრონე აღნიშნავს, რომ ის გემო-არომატი, რაც ამ გამაგრილებელ სასმელს ახლავს, სტამბოლის მოსახლეობისათვის არც თუ ისე შორეულია. ეს იმიტომ, რომ თურქეთში 70-იან წლებში ისეთივე გაზიანი სასმელები იწარმოებოდა, რომელთა გემოვნებაც ახლოს იყო საბჭოთა ლიმონათებთან. მიუხედავად იმისა, რომ მთელს საბჭოეთში „ლაღიძის წყლები“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თურქეთში ტარხუნის ლიმონათს 80-იან წლების ბოლომდე არ იცნობდნენ. მოგვიანებით, 1990-იან წლებში ტარხუნის ლიმონათი თბილისიდან მოსკოვში, მოსკოვიდან კი სტამბოლში გავრცელდა, სადაც, მიუხედავად მისი რუსული დამღისა, ქართულ ლიმონათად მოიხსენიება. ახალგაზრდა თაობაში კი არის მოსაზრება, რომ ის ამერიკული სასმელია, რადგანაც საბჭოეთის ბოლო წლებში ტარხუნის ლიმონათის წარმოება ამერიკაშიც დაიწყეს.
წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/kultura-da-xelovneba/2020/08/27/kut-xe-kunchuli-35-2020-
მოამზადა - სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge