11:00 16.09.2020
დავით ჭიჭინაძე -"მომაკვდინებელ ვირუსს სასტუმრო ვერ უშველის"

ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის! თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც! - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხალხის ერთი კატეგორია ყველაფერს კარგავს და „ბანკირები მილიარდს შოულობდნენ.“

 

„თუ ვირუსი მომაკვდინებელია, სასტუმრო უშველის?! ავადმყოფი არის ავადმყოფი და მას მკურნალობა სჭირდება და არა, დალოდება. მაგრამ ვიღაცებს მოეწონათ, როგორც ჩანს, ფულის კეთება და უსიმპტომოების თავისსავე სასტუმროებში გადაყვანა დაიწყეს.

 

როგორ შეიძლება ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხალხის ერთი კატეგორია ყველაფერს კარგავდეს და ბანკირები მილიარდს შოულობდნენ?! ახლა კი, როდესაც პროცენტების სუბსიდირებაზე საუბრობენ, ეს ყველაფერი ხომ საბანკო სფეროსთვისაა მოწყობილი და არა ადამიანებისთვის. 

 

ის, რომ ვირუსი არსებობს, მაგაზე არავინ დაობს, მაგრამ, თუ ვირუსია მას სიმპტომიც აქვს, როგორც სხვა ვირუსებს. ამათ კი, ექიმები კომერსანტებად აქციეს, საავადმყოფოები მარტო მომსახურების სფეროდ და არა ინფრასტრუქტურის ნაწილად; განათლების სფეროც ბოლომდე დაანგრიეს და ფსიქოზამდე მიიყვანეს ბავშვები. მცირე სასტუმროების, კაფე-ბარების, რესტორნების მეპატრონეებს კი აუბედურებენ, არავის აინტერესებს ვინ აუნაზღაურებს ამ ადამიანებს ამხელა დანაკარგს.

 

21 მარტს მხოლოდ მე ვითხოვდი, ეკონომიკა არ ჩაეკეტათ და ახლაც ვამბობ, რომ დღეს, როდესაც ქვეყანა ჩაკეტილია, როდესაც ტურისტული სეზონი ჩავარდნილი, ეს ადამიანები საბანკო პროცენტებისგან საერთოდ უნდა გათავისუფლდნენ! არც ეკუთვნით იურიდიულად, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის! თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც!“ - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge