21:24 28.09.2020
„საქართველოს ხელისუფლებას ახლა ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა“
გიორგი ცუცქირიძის პოსტი: 
სოხეთ-აზერბაიჯანის ომი და ყარაბაღის კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადასვლა, მხოლოდ რუსეთს აწყობს. დღეს რატომღაც ბევრს ავიწყდება, რომ სსრკ-ის დაშლა, რასაც პუტინმა გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა, სწორედ ყარაბაღის კონფლიქტით დაიწყო. ეს კონფლიქტი, რომ თავის დროზე ალაგმულიყო, დიდი ალბათობით არც სსრკ დაიშლებოდა ისე სწრაფად. ამ კონფლიქტმა შექმნა უსამართლობის და ამავდროულად საბჭოთა იმპერიის სისუსტის და უუნარობის განცდა, რომ იმპერიას აღარ თუ ვეღარ შეეძლო იმპერიაში შემავალი სუბიექტების პრობლემების უსისხლოდ მოგვარება. ყარაბაღის კონფლიქტს მოყვა სხვა კონფლიქტებიც, მათ შორის აფხაზეთში და ცხინვალში, რამაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა სსრკ-ის არსებობასაც.
რუსეთი ამ კონფლიქტის გახანგრძლივებით, რამდენიმე კურდღელს ერთად დაიჭერს. პირველი, ის იქნება ორივე მხარისათვის იარაღის მიმწოდებელი ექსკლუზიურად, დიპლომატიურად დაიწყებს ვაჭრობას დასავლეთთან, შუამავლის როლით, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე, ამასთან ბელორუსის საკითხსაც სათავისოდ გამოიყენებს. რუსეთი არ დაუშვებს ამ ომში ექსტრემისტი ისლამისტების ჩართვას, რადგან ეს გადავა ჩრდილოეთ კავკასიაზე, რისი მწარე გამოცდილებაც რუსეთს უკვე აქვს.
მაგრამ, რუსეთის მთავარი მიზანი, მაინც სხვა არის. ძალზე საეჭვოა, რუსეთს რეგიონის აფეთქება აწყობდეს, თუნდაც ისლამისტური ფაქტორის გამო. გარდა ამისა, ტრანსკასპიური და ტრანსკავკასიური მილსადენების მაღალი რისკების ქვეშ მოქცევა, რუსეთს ღიად დააპირისპირებს როგორც თურქეთთან, ასევე აშშ-სთან და ევროკავშირთან, რაც რუსულ დიპლომატიას ნამდვილად არ უნდა აწყობდეს.
აქედან გამომდინარე, ამ ომის ცხელ ფაზაში გადატანით, კიდევ დიდი ხნით გადაიწევს მშვიდობის პექრსპექტივა კავკასიაში. პოლიტიკური რისკების გაზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობა, რაც საერთაშორისო რეიტინგებზეც აისახება ნეგატიურად. ინვესტიციების შემცირება, კოვიდ პანდემიის ისედაც მაღალი გაურკვევლობის პირობებში, კავკასიის სამივე ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულად დაარტყავს. ეს არის სწორედ რუსეთის მიზანი დღეს, გაზარდოს რეგიონში თავისი გავლენა, როგორც არასდროს სსრკ-ის დაშლის შემდგომ და შეასუსტოს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა და კიდევ უფრო მეტად გახადოს დამოკიდებული რუსეთზე. ბოლო პერიოდში ლარის კურსის რყევაც აჩვენებს ისედაც მაღალი უარყოფითი მოლოდინების პირობებში, თუ რა მყიფეა ჩვენი ეკონომიკის მდგრადობა დღეს. ხოლო ამ ომით რისკების უფრო მაღალ ტურბულენტურ ზონაში შევდივართ!
შექმნილი გეო პოლიტიკური ვითარება, დაძაბულობა და მეორე ტალღის ლოქდაუნის მოლოდინი ევროკავშირში, მაღალი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაცია და მოახლოებული არჩევნების გაურკვევლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაპირისპირება ჩინეთთან, რუსეთს მანევრის საშუალებებს უზრდის. აქედან გამომდინარე, გლობალური კრიზისის და ასევე გლობალური დაპირისპირების ფონზე, ილუზორული მგონია იმის შანსი, თუ ცალკეული საექსპერტო მოლოდინები, რომ დასავლეთის მხრიდან, რეგიონში ამ კონფლიქტის დროს დასავლეთის ჩართულობა და საქართველოს როლი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. საქართველოს ხელისუფლებას ახლა ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა, დასავლურ დიპლომატიასთან გაცილებით მაღალი კომუნიკაციით, ხოლო მოსახლეობას თავშეკავება, როდესაც გვაქვს არც თუ მცირე ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების კომპაქტური დასახლებები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პრობლემების შექმნა ლტოლვილთა ნაკადებითაც თავისუფლად შეუძლია, სხვა სამხედრო ელემენტს სულაც თავიც რომ დავანებოთ!



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge