23:26 28.09.2020
37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გორსა და ხაშურში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

 

„კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. დამატებით 43 დევნილ ოჯახს ადმინისტრაციულ დაპირებას გადავცემთ და მათთვის ბინებს უახლოეს მომავალში შევისყიდით. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნიათ. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება გორში (სამების ქ.N1), სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში 29 სექტემბერს გაიმართება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge