დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ჰააგის სასამართლო: გოჩა ლორთქიფანიძე კვალიფიციური კანდიდატია 01.10.2020 16:21

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევმა მრჩეველთა კომიტეტმა მოსამართლეობის კანდიდატების კომპეტენციების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.


კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე კვალიფიციურია ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად.


გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს საერთაშორისო სამართალში შთამბეჭდავი გამოცდილება როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამუშაო პრაქტიკის კუთხით, ისე აკადემიური საქმიანობის თვალსაზრისით. კერძოდ, კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს, რომ კანდიდატი 2012 წლიდან იკავებს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2014 წლიდან არის ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის წევრი, 2018 წლიდან - ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორთა საბჭოს, 2019 - წლიდან ვენეციის კომისიის. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა ლორთქიფანიძე ასწავლიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში (ნიუ იორკი), სოხუმის სახელმწიფო და კავკასიის უნივერსიტეტებში.


კომიტეტი პოზიტიურად აფასებს, რომ კანდიდატს აქვს ძალადობის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს და გაერო- კომიტეტების წინაშე საქმისწარმოების ფარგლებში.


კომიტეტის შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე არა მხოლოდ აკმაყოფილებს ჰააგის სასამართლოს წესდებით (რომის სტატუტი) კანდიდატებისთვის წარდგენილ მოთხოვნებს, არამედ მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს სხვა მიმართულებითაც: ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავება, ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარება.


კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, რომ კანდიდატს აქვს საერთაშორისო და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციის შიგნით კოლეგიალური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საქმიანობისთვის.


პროფესიული გამოცდილების და გასაუბრების დროს ნაჩვენები კომპეტენციის საფუძელზე, კომიტეტმა დაასკვნა, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობისთვის კვალიფიციური კანდიდატია.


ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება, სხვადასხვა რეგიონიდან 6 მოსამართლე უნდა აირჩიონ.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ