23:49 01.10.2020
„ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ - განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე“

საქართველოს სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, არჩევანი და ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

 

„მიხარია, რომ დღეს გაჟღერდა და ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც არის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იქნება – „ქართული ოცნება“ ამას აუცილებლად განახორციელებს. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი იმ დაპირებისკენ და მნიშვნელოვანი მისიისკენ, რომელიც გვაქვს, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული – საქართველოს სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, არჩევანი და ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ეს ნაბიჯი – განაცხადის გაკეთება არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრმა იმ ახალ მასალებზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციებს ამყარებს.

 

„წელს პანდემიის გამო განახლებულმა კომისიამ დაგეგმილი შეხვედრები ვერ გამართა, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთი დღით არ შეგვიწყვეტია მუშაობა. კომისიის სრული შემადგენლობა ყოველდღიურად მუშაობდა, რომ მოგვეპოვებინა ახალი მასალები. როდესაც ახალი კომისია შეიკრიბა, გავაანალიზეთ, თუ რა მასალებზე დაყრდნობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, აღმოჩნდა, რომ საქართველოს პოზიციები გარკვეულწილად შესუსტებული იყო, რადგანაც ჩვენ არ გვქონდა მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებული ყველა შესაძლო კარტოგრაფიული მასალა იქნებოდა თუ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დასკვნა. სწორედ ეს გავაკეთეთ პანდემიის პირობებში, 7 თვის განმავლობაში, როდესაც იმუშავა უწყებამ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მასალები, კარტოგრაფიული მასალები, რუკები, ექსპერტების დასკვნები მოვიპოვეთ. სწორედ ამან მომცა იმის თქმით საფუძველი, რომ შეთანხმებები, რომელებიც 2006-2007 წლებში იქნა მიღწეული, იმის გამო რომ სრულფასოვნად არ იყო ის მასალები გამოყენებული, რომლებიც ჩვენს პოზიციას გაამყარებდა, ეს იქნებოდა საფუძველი, რომ იქ მიღწეული შედეგები გადასინჯულიყო. ამაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა.

 

სამწუხაროდ, ეს იყო დღეები, როდესაც არ იყო ესკალაცია დაწყებული, კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არასახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთეს და ეს თემა მიაბეს იმ დაპირისპირებას, რომელიც შემდგომ განვითარდა. წამოვიდა დეზინფორმაციის ნიაღვარი, პირადად ჩემს მიმართ შეტევა, რაც კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ ჩვენ, რადგან ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება.

 

ახლა უნდა დავწყნარდეთ, კომისიამ იმუშაოს და კომისიის ფარგლებში მოხდეს იმ მასალების განხილვა, რითაც ამყარებდა ჩვენ პოზიციებს. დარწმუნებული ვარ, ორმხრივად აზერბაიჯანთან მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც იქნება მისაღები მათთვისაც და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეც“, - განაცხადა ზალკალიანმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge