00:52 02.10.2020
ვინ იყვნენ 2006-2007 წლებში სახელმწიფო საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები

ბოლო დღეებია, დავით გარეჯის საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ფართო საზოგადოებრივი ინტერესესის საგანი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოპოვებულია ძალიან მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალები, რუკები, ექსპერტების დასკვნები, რაც 2006-2007 წლებში მოქმედი საზღვრის დამდგენი კომისიის გადაწყვეტილებების ანულირების შესაძლებლობას იძლეოდა. დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს ასეთი განცხადება გააკეთა: „დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანთან მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც იქნება მისაღები ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და მათთვისაც“. 

 

ცნობილია ისიც, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.  თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

 

საინტერესოა, ვინ იყვნენ ამ კომისიის წევრები და ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს.  

 

2006 წლის 17 მარტს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება №208 - საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ. ბრძანებულების ბოლოს წარმოდგენილია ამ კომისიის შემადგენლობა:

 

გიორგი მანჯგალაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ დათუნაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი

ნატალია ილიჩოვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი ოფიცერი

ვალერიან იმნაიშვილი – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველი

ირაკლი ლეჟავა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი

ივერი მელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის რეფერენტი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი

ზურაბ ტატიშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი

რუსუდან ტუშური  – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

ლევან წურწუმია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ლევან ჯღარკავა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge