15:42 02.10.2020
ლადო პაპავა - საქართველოს ეკონომიკაში, ლარის მსგავსი რეფორმა ჯერ არ ჩატარებულა

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ლარის დაბადების 25 წლისთავი. ზუსტად 25 წლის წინ, ის გახდა ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება ჩვენ ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ პროფესორმა ლადო პაპავამ განუცხადა.

 

ბ-ნმა ლადომ ვრცლად მიმოიხილა ლარის ის რეფორმა, რომლის უშუალო მონაწილეც, თავადაც გახლდათ:

 

„მანამდე გვქონდა არასრულფასოვანი ფულის ნიშანი, კუპონი, რომელიც, თავიდანვე ძალიან არასწორი გზით იყო  შემოღებული და არასწორადაც იმართებოდა.


ეს ის პერიოდია, (1994 წლის სექტემბერი) როდესაც, კუპონი მაქსიმალურად გაუფასურებულია და ინფლაცია თვეში 50-დან 70%-მდეა. ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი  2 მლნ 400 000 კუპონს უდრის, ხოლო, შავ ბაზარზე, 5 მლნ კუპონზე მეტია ერთი დოლარის ტოლი.


ამ სიტუაციიდან გამომდინარე, შეიქმნა სტაბილური ვალუტის შემოღების აუცილებლობა. ამისთვის, პირველ რიგში, საჭირო იყო მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაა. ინფლაცია უნდა მოთოკილიყო, ხოლო გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად კონტროლირებადი გამხდარიყო, რაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ იქნა. კერძოდ, 1995 წლის იანვარში, 1 დოლარი უკვე მილიონ ნახევარ კუპონს გაუტოლდა. რამდენიმე თვეში, კუპონი კიდევ უფრო დასტაბილურდა და მაშინ უკვე მოხდა ლარის შემოღება, რომელიც, ასეთი თანაფარდობის იყო: 1 მილიონი კუპონი უდრიდა 1 ლარს, ხოლო, 1 დოლარის ფასი -  1 ლარი და 30 თეთრი გახდა“.

 

ლადო პაპავამ ის პირები და სტრქტურებიც დაასახელა,  ვინც ლარის რეფორმაში გადამწყვეტი როლი შეასრულა:

 

„ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის თემურ ბასილიას, რომელიც მაშინ ლარის შემომღებ შტაბს ხელმძღვანელობდა. ძალიან დიდი შრომა გასწია საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც ნოდარ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, ვინაიდან, ლარის მშობელი სწორედ ის გახლავთ.  რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, რომ მომხდარიყო პურზე ფასების იმ კუთხით რეფორმირება, რომ მისი ფასის  რეგულირებიდან თავისუფალ ფასწარმოქმნაზე გადასვლა მომხდარიყო. ამას კი ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ კუპონით ძირითადად მხოლოდ პურის ყიდვა შეიძლებოდა. მნიშვნელოვანი იყო ფინანსთა სამინისტროს როლი, რადგანაც 1993-1994 წლებისგან განსხვავებით 1995 წელს ქვეყანას უკვე ჰქონდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი.

 

ლარის უშუალო რეფორმა 1995 წლის 25 სექტემბერს დაიწყო. ამ დროიდან ოფიციალურად მიმოქცევაში ნებადართული იყო როგორც კუპონი, ასევე, - ლარიც და ეს 2 ოქტომბერს დასრულდა იმით, რომ ლარმა საბოლოოდ ჩაანაცვლა კუპონი. მან ასევე გამოდევნა ბაზრიდან რუსული რუბლიც“,- აღნიშნავს ეკონომისტი.

 

პროფესორის თქმით, ლარის რეფორმას ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორიც ჰქონდა:

 

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს იმდროინდელ მთავრობაში და მის ეკონომიკურ გუნდშიც კი ლარის შემოღებას მხარს ყველა არ უჭერდა. იყვნენ მინისტრები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ლარს თუ შემოვიღებთ, ის არ უნდა ყოფილიყო ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება ქვეყანაში. მოითხოვდნენ მულტისავალუტო სისტემას, რაც ფაქტობრივად, ლარის დაღუპვისთვის განწირვას  ნიშნავდა. თემურ ბასილიას და ნოდარ ჯავახიშვილთანერთად, ჩვენ მათ დავუპირისპირდით და სწორი გზაც ავირჩიეთ“.

 

ლადო პაპავა ლარის რეფორმის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს და მისი გაუფასურების ფაქტს, ეკონომიკის დაბალ განვითარებულობას მიაწერს:

 

„ლარმა 25 წელს გაუძლო, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში, მისი რეფორმის დონის, სხვა მსგავსი, სხვა არ ჩატარებულა“ -  განაცხადა მან.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge