16:33 08.10.2020
ლადო პაპავა IT სფეროების განვითარებას მიესალმება

პროფესორი ლადო პაპავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის , ნათია თურნავას ინიციატივას, რომელიც ქართული  ფლოტის აღდგენასა და IT სერვისების განვითარებას მოიცავს, მიესალმება.  როგორც მან „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა, იზიარებს მინისტრის პოზიციას საზღვაო და IT სფეროების განვითარებასთან დაკავშირებით.

 

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საზღვაო და IT სერვისები, ორი უმნიშვნელოვანესი სფეროა საქართველოს ეკონომიკისთვის და ამ სფეროებში მოღვაწე კომპანიები მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

 

,,ეკონომისტები არაერთხელ შევხვედრივართ ქ-ნ ნათიას და ის  საკმაოდ ფართო კონტექსტში განიხილავს  ეკონომიკის სხვადასხვა დარგს და მათ პერსპექტივებს საერთაშორისო კონტექსტში,“ - აცხადებს ის.

 

ლადო პაპავამ ამ კუთხით  საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი ვითარება და საქართველოს უპირატესობაც შეაფასა. მისი თქმით, გლობალური კრიზისისა და ჩინეთიდან სამრეწველო დეკონცენტრაციის ფონზე, საჭიროა ინვესტიციებისთვის მიმზიდველი სივრცის შექმნა.

 

„ამ თვალსაზრისითაც საქართველო უნიკალურია, რადგანაც მას აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან.  ვაჭრობის გამარტივების მხრივ აშშ-სთანაც მიდის მუშაობა. შეგახსენებთ, საქართველოს ძალიან საინტერესო წინადადება ჰქონდა ჩინეთიდან, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის გახსნასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ამ შესაძლებლობაზეც არ უნდა ვთქვათ უარი,“  - განაცხადა  მან.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge