01:26 18.10.2020
„9 აპრილს მშვიდობიანი მოქალაქეები დაიხოცნენ, ხოლო ეროვნული მოძრაობის არცერთი ლიდერი, გარდა ირაკლი ბათიაშვილისა, არ დაშავებულა“
ირაკლი ბათიაშვილის პოსტი:
ჩემო მეგობრებო, გიზიარებთ 9 აპრილის აქციის მონაწილის გოგიტა მელიქიძის მიერ სოც-მედიაში გამოქვეყნებულ ემოციურ სტატუსს 1989 წლის 9 აპრილის შესახებ. მადლობა, ღირსეული კაცი ხარ!
გოგიტა მელიქიძე
“ირაკლი ბათიაშვილი ეროვნული მოძრაობის ერთადერთი ლიდერია, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიის ჟამს თავის ხალხთან ერთად დაღვარა სისხლი. საქართველოს საზოგადოება აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მიტინგზე გამოყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეები დაიხოცნენ, რომლებიც ძირითადად ქალები და ბავშვები იყვნენ, ხოლო ეროვნული მოძრაობის არცერთი ლიდერი, გარდა ირაკლი ბათიაშვილისა, არ დაშავებულა. ხალხი საკმაოდ მკაცრია და ლიდერს ასეთ ფაქტს არ პატიობს. საჭიროა იმ სახალხო უკმაყოფილების გახსენება, რომელიც 9 აპრილის სისხლისღვრიდან უვნებლად გამოსული ლიდერების მიმართ გაჩნდა და რომელიც შემდეგ სხვა გარემოების მეშვეობით გადაიფარა. ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილის პირველი გამოსვლა და გამოჩენა საოცრად ამაღლებული და განსაკუთრებული ემოციის მქონე იყო. ბათიაშვილი მაშინ ალუმინის მსუბუქი ყავარჯნებით გამოვიდა და ხალხი მას მართლაც მქუხარე ტაშით შეხდა. იგი იმდენად გამხდარი და გაფერმკრთალებული იყო, რომ აშკარად ემჩნეოდა, სიკვდილის როგორი მკაცრი და რაოდენ რეალური განსაცდელიდან მოდიოდა იგი. მტრედების უზარმაზარი გუნდივით აფართქალებული ის ტაში უაღრესად მნიშვნელოვან სახალხო განწყობას გამოხატავდა, რომლის დროსაც ზოგიერთებმა თვალზე მომდგარი ცრემლიც კი მოიწმინდეს. ამ ტაშის ადამიანური სიწრფელე და მისი სახალხო სიდიადე ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. არ შეიძლება განსაცდელში ცოცხლად გადარჩენილ ადამიანს სიცოცხლე დანაშაულად ჩაუთვალო, მაგრამ ლიდერისგან ხალხი კიდევ სხვა, მორალურ სიმაღლეს მოითხოვს, რაც საყოველთაოდ მიღებული და აღიარებულია. რატომ არ ტოვებენ გემებს კაპიტნები, როდესაც მათი გემები ზღვის უკიდეგანო სივრცეში უიმედოდ ტორტმანობენ და დასაღუპად ირწევიან?! საჭიროა 9 აპრილთან დაკავშირებული რეალობის გახსენება და გაანალიზება. ბატონი ირაკლი ბათიაშვილი თავმდაბალი პიროვნებაა და მას ტაში არ სჭირდება, მაგრამ ჩვენ, ხალხს გვჭირდება მადლიერების გრძნობა და დანახვა იმ სახალხო სულის სიდიადისა, რომელიც სასიკვდილო მორგიდან დაბრუნებულ ირაკლი ბათიაშვილს ესოდენ დიდი და გულწრფელი ტაშით დახვდა .”



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge