დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამომრჩევლების დაშინების, პარტიის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ ცნობებით შეშფოთებულია 20.10.2020 14:12

31 ოქტომბრის არჩევნებს დემოკრატიული განვითარების მიმართ საქართველოს უწყვეტი ერთგულების დემონსტრირების კუთხით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხებისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორმა შერილ ფერნანდესმა „ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

 

მისი თქმით, შეერთებული შტატები მიესალმა საქართველოს მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიზანი უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრებაა. მისი თქმით, აუცილებელია, საარჩევნო რეფორმების აქტიურად აღსრულება.

 

„ეს რეფორმები აქტიურად უნდა აღსრულდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამომრჩევლები აძლევენ ხმას დაშინების, პოლიტიკური ძალადობის, მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების გარეშე. ეს არის ის მიმართულებები, სადაც გვინახავს პრობლემები, რომელიც განმეორებადია საქართველოს არჩევნებში ბოლო 30 წლის განმავლობაში და რაზეც ყურადღებას გავამახვილებთ ამ არჩევნებშიც. საქართველოს აქვს შესაძლებლობა გადადგას შემდეგი ნაბიჯები დემოკრატიის გასაძლიერებლად და კითხვა ისაა, ექნება თუ არა ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას. ეს გამოჩნდება უახლოეს კვირებში, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამანეტის წარმომადგენელმა.

 

მისივე თქმით, აშშ შეშფოთებულია საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლების დაშინებისა და პოლიტიკური პარტიის წევრების მიმართ გამოჩენილი ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო.

 

„შეშფოთებული ვართ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლების დაშინებისა და პარტიის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოჩენილი ძალადობის ფაქტების შესახებ გავრცელებული ცნობებით,“- აღნიშნა შერილ ფერნანდესმა.

 

მისი თქმით, აუცილებელია, სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სიტუაცია გააკონტროლონ და მათ მუშაობის საშუალება მიეცეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ეს ფაქტები გამოიძიოს.

 

მისივე თქმით, პარტიის ლიდერებმა ამომრჩევლებს უნდა აუხსნან, რომ ძალადობა და დაშინება მიუღებელია.

 

„აუცილებელია, პარტიის ლიდერებმა, ყველა პარტიიდან, გაუგზავნონ ნათელი მესიჯი მათ ამომრჩევლებს, რომ ძალადობა და დაშინება მიუღებელია და მათი ადგილი არცერთ არჩევნებში არაა. მსურს, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომ ყურადღება გაამახვილონ ქართველი ამომრჩევლებისთვის თავიანთი პლატფორმების ახსნაზე, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, კოვიდ პანდემიის შემდეგ ეკონომიკური გაჯანსაღებაზე, ეს საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს მომავლისთვის არჩევანი ინფორმირებულმა ამომრჩეველმა გააკეთოს,“- აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ