14:54 20.10.2020
მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ეროვნული ინტერესების გაყიდვაში დაადანაშაულონ

რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») სათაურით „მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ეროვნული ინტერესების გაყიდვაში დაადანაშაულონ // ქართველმა ნაციონალისტებმა აზერბაიჯანს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენეს“ დაბეჭდილია სტატია, რომელშიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული სიტუაციაა განხილული.


მასალაში ყურადღება გამახვილებულია საზღვართან დაკავშირებულ ორ მომენტზე:


პირველი მომენტი - „ქართული მარშის“ - „ულტრანაციონალისტური ორგანიზაციის“ - „ულტიმატუმზე“ აზერბაიჯანის მიმართ - ბაქომ ათ დღეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და აღადგინოს სამართლიანი სასაზღვრო ხაზი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს უკანონოდ იქნა გავლებული, საქართველოს საზიანოდ. სანამ აზერბაიჯანს ულტიმატუმს წაუყენებდნენ, „მარშელებმა“ რამდენიმე აქცია ჩაატარეს და მართალია, ბაქო სტრატეგიულ მოკავშირედ დააფიქსირეს, მაგრამ მაინც განაცხადეს - თუ აზერბაიჯანი მეგობარია, მაშინ ისე უნდა მოიქცეს, როგორც მეგობარს შეჰფერის - თავისი მესაზღვრეები წმინდა ქართული ადგილიდან - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან უნდა გაიყვანოს, თუ არადა, „ქართული მარში“ იტოვებს უფლებას „მშვიდობიანად დაიკავოს კომპლექსის მთელი ტერიტორია“.


იმის წარმოდგენა, რომ „ქართული მარში“ მიდის დავით გარეჯის მთელი ტერიტორიის დასაკავებლად და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მათ გზას თავაზიანად უთმობენ, საკმაოდ  რთულია - ასეთი სურათი მხოლოდ ტვინანთებული პიროვნების გონებაში შეიძლება დაიბადოს. ალბათ, ქართული მარში“ ფიქრობს, რომ აზერბაიჯანი მთელ თავის რესურსებს სომხეთთან ომში იყენებს და მას „დავით გარეჯამდე“ („ქეშიჩქი-დაღამდე“) ხელი არ მიუწვდება? თუმცა უფრო რეალურია ის ვერსია, რომლის თანახმად, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე დაწყებული აჟიოტაჟი უფრო საპარლამენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული.


მეორე მომენტი - გენერალური პროკურატურის მიერ სასაზღვრო კომისიის წევრების დაპატიმრებაზე, რომელიც იმავე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხს ეხება, რომლებიც თურმე მცდარი რუკებით ხელმძღვანელობდნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის წინაშე დააყენეს - მათი მოქმედებით, შესაძლო იყო აზერბაიჯანს გადაცემოდა. პროკურატურა დარწმუნებულია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან და ტერიტორიის დათმობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებართვით ხდებოდა. ამიტომაც გამორიცხული არაა, რომ რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების რაოდენობა გაიზრდება, მათ დაემატება მეტად მგრძნობიარე საკითხი „დავით გარეჯის ანუ ეროვნულ-სტრატეგიული ინტერესების გაყიდვის“ თაობაზე.


როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობას „გარეჯის კოზირი“ რეზერვში ჰქონდა, რომ მისი მეშვეობით საარჩევნო კამპანიის ფინიშზე მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ სული გააფრთხობინოს. როგორც ჩანს, „ნაციონალების შანსები პოლიტიკური რევანშის თაობაზე სულ უფრო მცირდება, - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.


წყარო: https://www.ng.ru/cis/2020-10-19/5_7993_georgia.html

-----------------

მოამზადა სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : geotime.ge