დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

,,ევროპულმა საქართველომ'' პანდემიის მართვის საკუთარი გეგმის პრეზენტაცია გამართა 20.10.2020 16:11

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა, გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ვახტანგ კალოიანმა, 112-ის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ მათ მიერ წარდგენილი გეგმა ქვეყანას მძიმე ეპიდსიტუაციის მართვაში დაეხმარება.

 

გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახტანგ კალოიანი უხელმძღვანელებენ.

 

ზურაბ ჭიაბერაშულმა ისაუბრა ცხელი ხაზის გამართულობის, პირბადის ტარების აუცილებლობისა და საკარანტინე ზონებში იმ ადამიანების გადაყვანაზე, რომლებიც, მისივე შეფასებით, რისკ-ჯგუფში შედიან და არ აქვთ თვითიზოლაციის შესაძლებლობა.

 

კალოიანმა ყურადღება გაამახვილა კოვიდინფიცირებულთა საწოლებისა და კრიტიკული მედიცინისთვის განკუთვნილი საწოლების გაორმაგებაზე. ასევე მან ყურადღება გაამახვილა ჰოსპიტალურ სექტორზე და განაცხადა, რომ „ჰიბრიდული ჰოსპიტალების არსებობა შეცდომაა და ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს“.

 

„ევროპული საქართველო“ კოვიდპანდემიის დაწყების მომენტიდანვე ძალიან მწვავე დისკუსიასა და პოლიტიკურ დაპირისპირებაში იყო ივანიშვილის გუნდთან იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით რაც უნდა გადაედგა და არ უნდა გადაედგა მთავრობას ასეთი გამოწვევის დროს. ეს ახსოვს ყველას ვინც ადევნებდა თვალს ამ მოვლენებს. ვთვლით, რომ მათი მხრიდან გადასახადების არ დაწევა და საშუალო კლასისა და გაჭირვებულების არ დახმარება არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა და ამას აგრძელებენ დღესაც და ჩვენ მოწოდებებს ყურად არ იღებენ გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით, არ ცვლიან კურსს.

 

ჩვენ ასევე გვქონდა მწვავე კრიტიკა ჯანდაცვასთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით, იმ ნაბიჯების მიმართ რაც გადადგა ივანიშვილის გუნდმა. ჩვენ ვთვლიდით, რომ მათ დისპროპორციულად, დრაკონულად დაკეტეს ქვეყანა და არასაჭირო, უმძიმესი ზიანი მიაყენეს ქვეყანას და მოქალაქეებს, ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა ამ პერიოდში, მრავალ ოჯახს დაუმძიმდა ეკონომიკური მდგომარეობა, კომენდანტის საათი, ცოლ-ქმრისთვის გვერდიგვერდ ჯდომა მანქანაში, იყო აბსურდული, ასევე ქუჩების მორეცხვა და ონლაინ ვაჭრობის შეზღუდვა. ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს, რაზეც საზოგადოებაში არავინ არ დავობდა ,ეს იყო რომ ჩაკეტვა ვერ გაგრძელდებოდა უსასრულოდ, რადგან ვერცერთი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს და კიდევ ნათელი იყო, რომ ვირუსი არსად არ გაქრებოდა. ჩაკეტვის ეს თვეები, რომლებიც ასევე ეპიდემიოლოგიურად იყო უსაფრთხო, უნდა გამოყენებულიყო ქვეყნის მომზადებისათვის, იმ მომენტისთვის, როცა გაიხსნებოდა ეკონომიკა და ისევ იქნებოდა მატება დაინფიცირებული ადამიანების“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „ახლა ჩვენ ვხედავთ ძალიან მძიმე სურათს, ძალინ სახიფათო სურათს და ვხედავთ, რომ არაფერი ივანიშვილის გუნდს ამ თვეების განმავლობაში არ გაუკეთებია იმისთვის, რომ მომზადებულიყო ამ მდგომარეობისთვის“.

 

 

„ახლა საუბრობენ კოვიდ საწოლებსა და საველე ჰოსპიტალებზე, ახლა აღმოაჩინეს, რომ ცხელი ხაზი შესაძლოა გადაიტვირთოს და ახლა იწყებენ ამ ყველაფერზე საუბარს. მთელი ეს თვეები გამოიყენეს თავისი თავის ქებისთვის, თვითტკბობისთვის, დამუნათებისთვის ყველასი, ჟურნალისტებით დაწყებული პოლიტიკური ოპონენტებით თუ ექსპერტებით გაგრძელებული, ვისაც კითხვა უჩნდებოდა, რაც ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეს არის კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა ასეთი კრიზისის დროს და ამათ ხელში დატოვება ამ სერიოზული გამოწვევის იქნება კატასტროფის ტოლფასი მთელი ქვეყნისთვის. ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა სწორედ ამიტომ არის ამ ხელისუფლების შეცვლა, გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და სწრაფად იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დამნაშავე ივანიშვილის გუნდმა არ გააკეთა. „ევროპული საქართველო“, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც ემზადება ამ გარდამტეხი ცვლილებებისთვის, სწორედ ამ ნაბიჯების კოორდინაციით არის დაკავებული. ჩვენ შექმნილი გვაქვს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებენ ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახტანგ კალოიანი, ორი ადამიანი, რომელთაც აქვთ როგორც საექსპერტო ცოდნა, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც აუცილებელია გადაიდგას , რათა ჩვენ ამ უმძიმეს ვითარებას, რომელიც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა კიდევ უფრო დაამძიმა, გავუმკლავდეთ როგორც ქვეყანა ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ“, - განაცხადა ბოკერიამ.

 

თავის მხრივ, ბრიფინგზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ცხელი ხაზიც და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება არის სწრაფი რეაგირებისთვის აუცილებელი.

 

„ჩემს უკან არის 112, აქ ვართ ზუსტად იმიტომ, რომ თავი დავანებოთ ჰოსპიტალურ სექტორს, დიდი ცოდნა არ სჭირდებოდა იმის გათვლას, რომ როდესაც დაიწყებოდა ის ტალღა, რისი მომსწრენიც ახლა ვართ, გადაიტვირთებოდა ცხელი ხაზი და ამას სჭირდებოდა ელემენტალური მენეჯმენტი იმისათვის, რომ ეს გაკეთებულიყო და ამიტომ, მე ახლა წარმოგიდგენთ დაუყონებლივ გადასადგმელი ნაბიჯების გეგმას, ის რაც გასაკეთებელია - ცხელი ხაზიც და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება არის სწრაფი რეაგირებისთვის აუცილებელი. საზოგადოებაში ჩვენ ვხედავთ მომატებულ შფოთვას, როდესაც სეზონური გრიპის პირობებში ადამიანებმა არ იციან კორონავირუსი სჭირთ, თუ ეს უბრალოდ სეზონური გრიპია და იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე, ამას სჭირდება სწრაფი რეაგირების მექანიზმი.

 

ასევე საჭიროა, რომ პირბადეების ტარება გახდეს სავალდებულო, რათა შევაჩეროთ გადაცემის სიჩქარე.

 

საჭიროა, რისკის-ჯგუფში შემავალი ადამიანების დაცვა. აუცილებელია, რომ რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები, რომელთაც არ აქვთ თვითიზლოაციის შესაძლებლობა, განთავსდნენ საკარანტინო სივრცეებში.ეს სივრცეები არა ინფიცირებულთა ჩასაკეტად, არამედ პირიქით, რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების დასაცავად უნდა გამოიყენებოდეს. ეს რა თქმა უნდა უნდა იყოს ნებაყოფლობითი“, - განაცხდა ჭიაბერაშვილმა.

 

ამავე ბრიფინგზე ექიმმა ინფექციონისტმა ვახტანგ კალოიანმა ხელისუფლებას მოუწოდა მარტივი, მაგრამ ეფექტური ნაბიჯები გადადგას ინფექციის სწორად მართვისთვის.

 

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ისევ გვიწევს იგივე პრობლემებზე საუბარი, რაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაისვა და რაც ჯერ კიდევ მაშინ შესაძლებელი იყო პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირობებში გადაწყვეტილიყო, ეს გახლავთ ძალიან მარტივი და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ექნება ძალიან დიდი ეფექტი.

 

პირველი, ეს გახლავთ კოვიდინფიცირებულთა საწოლების და კრიტიკული მედიცინისთვის განკუთვნილი საწოლების გაორმაგება, რაც სტრატეგიულია ეფექტური ფუნქციონირებისათვის სამედიცინო დაწესებულებების.

 

მეორე, ეს გახლავთ კოვიდ და არაკოვიდ პაციენტების მაქსიმალური განცალკევება ერთმანეთისაგან. ხელისუფლება წავიდა ჰიბრიდული კლინიკების გზით, რაც შეცდომაა და ის შეიძლება გახდეს და გახდა კიდეც ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი წყარო“, - განაცხადა კალოიანმა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ