დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ბათუმში, ფიტნესკლუბში განვითარებულ მოვლენებზე 30.11.2020 11:43

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბათუმში ფიტნესკლუბში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო ქმედებები გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდა.


მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები შპს „ონლაინ მეჯიქ“-ში, რის შედეგადაც მოხდა აღნიშნული ფიტნეს კლუბის დალუქვა.


გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში რეაგირების მიზნით გადმოგზავნილი მასალები.


კერძოდ,მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ შპს "ონლაინ მეჯიქ" ე.წ. "რეფორმერი ფიტნესი" არ დაემორჩილა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, გააგრძელა სპორტული/სავარჯიშო დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) მუხლის თანახმად, 2020 წლის 28 ნოემბერს დაჯარიმებული იქნა 10 000 ლარით.


აღნიშნულის შემდეგ, 2020 წლის 29 ნოემბერს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა განმეორებით განახორციელა შპს "ონლაინ მეჯიქ"-ის ე.წ. "რეფორმერი ფიტნესის" ინსპექტირება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას.


ინსპექტირების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადმოიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით.


როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით,“- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ