დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

თურქული პოლიტიკა: როგორ მოჩანს რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობა საჭადრაკო დაფაზე 02.12.2020 13:09

„სამწუხაროდ, რუსეთი განწირულია თურქეთთან როგორც მეგობრობისთვის, ასევე ბრძოლისთვის. ისტორიულად ჩვენი ინტერესების ზონები ერთმანეთს ფარავდა ჯერ კიდევ შორეული 1569-70 წლებიდან. რუსეთმა მაშინ ასტრახანის სახანო მიიერთა, თურქეთის სულთანმა კი თავისი „ინტერესების ზონაში“ ჯარი გამოგზავნა, ტერიტორიის უკან წასაღებად. ივანე მრისხანემ თურქები გაანადგურა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო - მას შემდეგ რუსეთმა და თურქეთმა ერთმანეთთან კიდევ 12-ჯერ იბრძოლეს, პირველი მსოფლიო ომს თუ არ ჩავთვლით. ყველაზე არასასიამოვნო ისაა, რომ ამ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაშიც კი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ყველა მტკივნეული წერტილი დღესაც აქტუალურია - თურქეთის მიერ ამ წერტილებით მანიპულირება აქტიურად ხდება. ანკარას არც მოსკოვი ჩამორჩება: კრემლიც მოქმედებს და ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს მუდამ ტონუსში ამყოფებს. საჭადრაკო-პოლიტიკური პარტიები ბევრია და უმეტეს შემთხვევებში, ისინი დასრულებული არ არის, მხარეები თამაშს მხოლოდ იწყებენ “, - ნათქვამია გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ში («Комсомольская правда») გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „თურქული პოლიტიკა: როგორ მოჩანს რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობა საჭადრაკო დაფაზე“.

 

პუბლიკაციაში გაანალიზებულია თურქეთისა და რუსეთის ურთიერთშეხება რამდენიმე მიმართულებით: ყირიმის საკითხში, უკრაინის, მთიანი ყარაბაღის, სირიის მიმართ და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციის ძირითად ნაწილს შემოკლებული სახით:

ყირიმული გამბიტი

თურქეთმა ყირიმის მიმართ დაინტერესება 1991 წლიდან დაიწყო. მიდიოდა მუშაობა ყირიმელ თათრებთან. თურქებმა ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე რამდენიმე რელიგიურ-ექსტრემისტული ორგანიზაცია შექმნეს (ჩანერგეს). ყველა რელიგიური საკადრო საკითხს თურქეთი წყვეტდა. თურქების მუშაობა ყირიმში „რბილი ძალის“ ნიმუშს წარმოადგენს. 2012 წლისათვის თურქეთის ვაჭრობამ ყირიმთან 1,8 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ძალიან ყირიმისათვის დიდ მოცულობას წარმოადგენს. თურქეთიდან ფინანსდებოდა ყირიმელი თათრების თითქმის ყველა მასმედია, რიგი ფონდების საქველმოქმედო პროგრამები... ე.წ „ყირიმელი თათრების მეჯლისი“, რომელიც ამჟამად აკრძალული და გაძევებულია, მთლიანად თურქების ხელიდან იკვებებოდა. არსებობს არგუმენტირებული აზრი, რომ რუსეთს რომ 2014 წელს ყირიმი არ მიიერთებინა, მას თურქეთი დაასწრებდა.

 

უკრაინული ენდშპილი

თურქეთი და რუსეთი ათეულობით წლების განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს აზოვისპირეთისა და შავიზღვისპირა თავრიდისათვის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თურქეთის ამ მიწას ისევ თავისად თვლის. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინა თურქეთისათვის „რუსეთთან მუშაობის ინსტრუმენტს“ წარმოადგენს. თუ 2014 წლამდე მატერიკული უკრაინისა და თურქეთის ურთიერთობა მდორედ მიედინებოდა, მაიდნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: თურქეთმა სწრაფი რეაგირება მოახდინა კიევის ანტირუსულ პოლიტიკაზე და მხარი დაუჭირა, უკრაინამაც ანკარას იმედის მზერა მიაპყრო. დაიწყო თანამშრომლობაც სამხედრო სფეროში. უკრაინა იმედოვნებს, რომ ყირიმსა და დონბასს თურქეთის დახმარებით დაიბრუნებს...

 

ყარაბაღულ-კავკასიური ცუგცვანგი

რუსეთს კავკასიაში უკანასკნელი ომი თურქეთთან 1916 წელს ჰქონდა (პირველი მსოფლიო ომის ფარგლებში), როცა რუსეთის არმიამ ოსმალეთის იმპერიის ანატოლიის ტერიტორიის თითქმის მესამედი დაიკავა, უმეტესად სომხებით დასახლებული ადგილები. ანუ რუსეთმა ისტორიული სომხური მიწა-წყალი „შეკრიბა“. ყარაბაღის ამჟამინდელ ომში კი რუსეთი  სტრატეგიულად ყველაზე მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა - მშვიდობისმყოფელისა და მომრიგებლის როლში.

თავის მხრივ, ყარაბაღის ომი თურქეთის მხარის დიდ განაცხადსაც წარმოადგენს კავკასიურ პროცესებში მონაწილეობისათვის. სხვათა შორის, ანკარას თავისი ინტერესები ჩრდილოეთ კავკასიაშიც აქვს - ჯერ კიდევ ჯოხარ დუდაევისა და ასლან მასხადოვის ჩეჩნეთ-იჩქერიის დროიდან. თურქეთი იყო ჩეჩენ ბოევიკთა ზურგის სამედიცინო ბაზა და თავშესაფარი, როცა ისინი ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარმა გარეკა, თურქული აგენტურა კი გაანადგურა.

თურქეთი მუშაობდა აფხაზეთშიც - საკურორტო ბიზნესში ეკონომიკური კონტაქტებით, თანამშრომლობდა საქართველოსთან  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და თბილისს საბრძოლო მასალებს, ტექნიკას აწოდებდა. „ხუთდღიან ომში“ რუსების მიერ დაზიანებული თურქული „ბრონევიკები“ ცხინვალთან საკმაო ხანს ეყარა. ბოლო დროს კი თურქულ ბიზნესს ძალიან მტკიცედ აქვს ფეხი მოკიდებული საქართველოს შავიზღვისპირა კურორტებზე.

 

სირიული მიტელშპილი

თურქეთ-სირიის საზღვრების სიგრძე 800 კილომეტრს აღწევს. სირიის კონფლიქტში ჩარევით თურქეთს რამდენიმე ამოცანის გადაჭრა სურდა:

პირველი - ტერიტორიების მიერთება ნეოოსმანური კონცეფციის თანახმად: 1918 წლამდე დღევანდელი სირიის ტერიტორია ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა. სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქების მონათესავე თურქმანები ცხოვრობენ, ანუ ანექსიის ფორმალური საბაბი არსებობს; მეორე - ბაშარ ასადის რეჟიმის შესაძლო დამხობის შემდეგ სირიის ტერიტორიაზე ქურთების სახელმწიფოს წარმოქმნა არ უნდა დაშვებულიყო; მესამე - თავიდან უნდა აეცილებინა ლტოლვილთა გადაჭარბებული ნაკადის შესვლა თურქეთის ტერიტორიაზე. რუსეთის ჩარევამ სირიის კონფლიქტში თურქების გეგმებს ხაზი გადაუსვა. ერთადერთი, რაც დღემდე მოქმედებს არააფიშირებული გარიგების სახით, ისაა, რომ რუსეთი ქურთებს მხარს ძველებურად აქტიურად აღარ უჭერს, თუმცა მათ უკვე მონახეს ახალი მფარველი აშშ-ის სახით.

 

თურქული პარტიის გვერდითი მოვლენები:

ა) „დასავლური ვექტორი“

თურქეთმა თავისი ინტერესების ზონა გააფართოვა დასავლეთით - ლიბიის მიმართულებით და სამხრეთ დასავლეთით - საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართულებით. ყველაფერი ეს ენერგორესურსებს უკავშირდება აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვის შელფზე, განსაკუთრებით კვიპროსის ნაპირებთან, სადაც თურქმა გეოლოგებმა გაზის დიდი საბადო აღმოაჩინეს. ანკარის ამბიციებმა ნატოს წევრების - საფრანგეთისა და საბერძნეთის შეშფოთება გამოიწვია: ფრანგული სამხედრო ხომალდები ლიბია-კვიპროსის ნაპირებთან გამოჩნდნენ.

ხმელთაშუაზღვისპირეთში უსაფრთხოების სისტემა ირღვევა. რეჯეფ ერდოღანის შეჩერება ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ მას ხელში კოზირი აქვს: დაახლოებით ათი მილიონი თურქი მიგრანტი, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ...

ბ) აღმოსავლური ვექტორი

როცა თურქეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება, იმპერიის უმაღლესმა საბჭომ წმინდა ფეტვა გამოაცხადა, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ქვეყნები, სადაც „დაჩაგრული თურქი მუსლიმანები“ ცხოვრობდნენ. ოსმალეთის დიადი მიზანი სწორედ თურქული ხალხების გათავისუფლება და მითიური „დიდი თურანის“ აღდგენა წარმოადგენდა. დღეს არცერთი ექსპერტს ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ რეჯეფ ერდოღანის მოქმედებას იგივე მიზანი აქვს - „დიდი თურანის“ შექმნა ამა თუ იმ ფორმით. ანკარის მზერა მიპყრობილია ცენტრალური აზიისაკენ - ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი... არსებობს ზესახელმწიფოებრივი ორგანოც - „თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო“..

მოკლედ, თურქეთს თავისი გეგმების რეალიზების მიზნით ყარაბაღის ომის გამოყენება სურდა, მაგრამ მოსკოვმა ანკარა გვერდზე გასწია. თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა, ბევრი რამ ჯერ კიდევ წინაა.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.kp.ru/daily/21712095.3/4330812/

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ