დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ზაალ უდუმაშვილი: ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა წინადადებით მოვა 02.12.2020 18:35

ძალიან გაჭიანურდა მესამე რაუნდი, სავარაუდოდ ეს უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რა წინადადებით მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.

 

მისი თქმით, მესამე რაუნდს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, გაგრძელდება მოლაპარაკებები, თუ დარჩება საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულად, რისი დიდი რისკიც არსებობს.

 

„ჩვენ ველოდებით წინადადებას. იმედს ვიტოვებთ, რომ გონივრული წინადადება იქნება, რაზეც შეიძლება მსჯელობა და მოლაპარაკებების გაგრძელება, რადგან ძალიან კარგად ათვითცნობიერებს „ქართული ოცნება“, რა ჩიხში არის შესული. არა მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისს ვგულისხმობ. ეს არის ეკონომიკური, კოვიდკრიზისი და ამას ემატება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამ ორ კრიზისს კიდე უფრო ამძაფრებს. ასე რომ, უნდა ვეძებოთ გამოსავალი ერთად. ამისთვის არის საჭირო გონივრული ნაბიჯების გადადგმა და ეს უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას ეხება“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

 

ამასთან, ზაალ უდუმაშვილმა კომენტარი გააკეთა ბათუმში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე აქციაზე, სადაც პერიოდულად მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება ხდება. უდუმაშვილის თქმით, ეს არ არის საერთო ოპოზიციური აქცია.

 

„ჩვენ, ოპოზიცია შევთანხმდით საერთო ქმედებებზე, მაგალითად, როგორი უნდა იყოს ჩვენი აქცია პარლამენტის შეკრების პირველ დღეს და ამას ყველა პოლიტიკური პარტია იცავს. მაგრამ ამავდროულად ყველა ინდივიდუალურად თავისუფალია თავის გადაწყვეტილბებში. ბათუმში ახლა ჩვენ აქციებს რომ ვმართავთ, ეს არ არის საერთო ოპოზიციური აქცია. ეს არის ჩვენი ინდივიდუალური აქცია, რომელზეც ყველას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს რაღაც აქციის ჩატარება. არ არის აუცილებელი, რომ ეს ამ ფორმატში იყოს ჩატარებული. ის, რაც მთლიან ფორმატში თანხმდება, იმას ყველა პარტია იცავს.

 

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შემიძლია, ვთქვა, რომ მიღებული არის, რადგან ჯერჯერობით ყველაზე დაცული ადამიანი არის ქუჩაში და ღია სივრცეში. ეს აქციები იმართება ღია სივრცეში, ხელისუფლება გველაპარაკება ეპიდვითარებაზე, რომელმაც სულ რაღაც სამი კვირის წინ ქციის მონაწილეები წყლის ჭავლით გაწუწა. მაშინ არ იყო ხომ, ეპიდვითარება საგანგაშო ქვეყანაში, არა?! ასე რომ, ნამდვილად ვერ მივიღებთ ახლა ვერავისგან, მით უმეტეს, ხელისუფლებისგან ეპიდვითარებაზე მინიშნებას, როდესაც ჩვეულებრივ აქციის მონაწილეებს ცივ წყალს ასხამდა ნოემბერში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა საკითხზე, არის თუ არა მიმდინარე აქციები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, რომ არ უნდა გაჩერდეს სამოქალაქო პროტესტი.

 

„ეს პროცესი არ გაჩერდება, სულ არ არის საჭირო, რომ ამის შესახებ განეცხადებინა მესამე პრეზიდენტს. ამას ჩვენც ვაცხადებდით, რომ სამოქალაქო პროცესი არ გაჩერდება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შეზღუდვები ამ კოვიდვითრებასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ჩვენ ამ პერიოდში გადავწყვიტეთ, რომ აქციები არ ყოფილიყო, თორემ ეს მასშტაბური აქციები ისევ დადგება დღის წესრიგში და ბევრი ხალხიც გამოვა ქუჩაში. ამ შეზღუდვების ძალიან დიდი ნაწილი ხომ იმიტომ დაწესდა, რომ ხალხის პროტესტი ჩაახშონ. რეალურად, ხომ არ არის ის კოვიდთან ბრძოლა. თუ გონიათ, რომ ამ შეზღუდვების გამო ხალხის პროტესტს ჩაახშობენ, ძალიან ცდებიან“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ