დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გიორგი ხელაშვილი: ნატო-საქართველოს ურთიერთობები გაცილებით ახლო და დინამიური გახდება 02.12.2020 19:16

მინისტერიალი არის მოსამზადებელი ეტაპი, რათა გავარკვიოთ და დადგინდეს, რა ფორმა მიეცემა ნატო-საქართველოს ახალ ურთიერთობას, ის, რომ რაღაც დადებითი მოხდება, არა რწმენა, არამედ მოლოდინია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

 

ხელაშვილის თქმით, პოზიტიურ მოლოდინს ქმნის ის ფაქტი, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში არიან სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც მუდამ მხარს უჭერდნენ ევროატლანტიკური კავშირის გაძლიერებას, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშნელოვანი მიმართულებაა.

 

„შეიძლება, მე იმასაც ველოდებოდე, რომ ეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება, ვიდრე იყო პრეზიდენტ ობამას დროს, რომ არაფერი ვთქვათ ტრამპის პრეზიდენტობაზე. შესაბამისად, საქართველო უნდა უყოს მზად იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს სამომავლო მოლაპარაკებებში. ძალიან კარგია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოსთან ნატო-ს მოლაპარაკებები უნდა გადავიდეს თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე, რაც შეიძლება წავიკითხოთ როგორც მოწოდება მაპის, მოქმედების გეგმის მინიჭებაზე. რამდენად განხორციელდება ეს, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობები მომავალი ოთხი წლის შემდეგ გაცილებით უფრო ახლო და დინამიური გახდება“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

ხელაშვილის თქმით, შედეგის თვალსაზრისით, ეს შეიძლება იყოს სამხედრო წვრთნები, რომელიც რეგულარულად ტარდება, ამასთან ერთად, შესაძლოა, საუბარი იყოს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გააქტიურებაზე, ასევე საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

 

„ვგულისხმობ თუნდაც საწვრთნელი ცენტრების ერთობლივ მუშაობას, ასევე, მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება, შეიცვალოს და სასურველია, არსებულ სამხედრო წვრთნებს დაემატოს ახალი პროფილები, რაც იქნებოდა კრიზისების დაძლევის, საინფორმაციო ოპერაციების, კიბერნეტიკული უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც სავარაუდოდ მომავალ წლებში უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდება საქართველოსთვის და ნატო-სთვის“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ