კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ცალკეულ საქმეებზე, სადაც შესაძლოა, გადაცდომა გამოიკვეთოს, დასკვნები სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლომდე დაიდება, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, უწყებას ამ დროისთვის მხოლოდ წინასწარი შედეგები აქვს, საბოლოო დასკვნები კი პროფესიული განვითარების საბჭოში განხილვის შემდეგ იქნება.
„შემთხვევების შესახებ მოკვლევის შედეგების დადებას სჭირდება გარკვეული პერიოდი. ექსპერტებმა უნდა გააკეთონ შეფასება, რაც გაივლის პროფესიული განვითარების საბჭოს და შემდეგ უკვე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ამას სჭირდება დაახლოებით, სულ მცირე 2 კვირიდან ერთ თვემდე დრო საექსპერტო შეფასებისთვის. შემდეგ არის გარკვეული პროცედურები პროფესიული განვითარების საბჭოში, თუ ეს რჩება პროფესიული განხილვის ფარგლებში. ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში მხოლოდ პროფესიული გადაცდომის შემთხვევებს განიხილავს. თუ სადმე იკვეთება ისეთი გადაცდომა, რომელიც პროფესიულ გადაცდომებს სცილდება, მაშინ ეს ხდება სხვა ორგანოების კომპეტენცია და საქმე შესასწავლად შესაფერის სამსახურებს გადაეცემა. ვფიქრობ, უკვე დასრულებული ანგარიშები დეკემბერში გვექნება. ახლა მხოლოდ წინასწარი შედეგები გვაქვს. საბოლოო დასკვნა საექსპერტო შეფასების საფუძველზე იქნება“, - განაცხადა გაბუნიამ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge