კორონავირუსის წინააღმდეგ ყველა ტიპის ვაქცინის ჩატარება იქნება შესაძლებელი 16.12.2020 13:17

ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ყველა ტიპის ვაქცინის ჩატარება იქნება შესაძლებელი და ვაქცინაციასთან დაკავშირებით ექიმებიც გადამზადდებიან. ამის შესახებ გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„გუშინ დასრულდა ინტერსექტორალური ვაქცინაციის კომიტეტის ჩამოყალიბება, სადაც არიან ძირითადი სამინისტროების, ასევე არსამთავრობო ორგანიზაციების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სწორედ ეს კომიტეტი იქნება ის ძირითადი ადგილი, სადაც მოხდება ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. მთავარი გადაწყვეტილებები უნდა აისახოს ვაქცინის დანერგვის გეგმაში. ვაქცინის დანერგვის გეგმის არსებობა არის მთავარი წინაპირობა, რომ ჩვენ მომწოდებელმა ვაქცინა მიგვაწოდოს. გეგმის გარეშე ეს ამბავი არ მოხდება, გეგმა დასრულდება დეკემბრის ბოლოსთვის. აქ არის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომელიც პრიორიტეტული ჯგუფების შერჩევას შეეხება და ასევე იმას, რომელი ვაქცინა არის ჩვენთვის ტექნოლოგიურად ყველაზე მისაღები. განიხილება ვაქცინები, რომლებისთვისაც ცივი ჯაჭვის მოთხოვნა არის -80, -70 გრადუსი, ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა, ასევე „მოდერნა“, რომელსაც სჭირდება -20 გრადუსი და „ასტროზენეკასთვის“ არის საჭირო 2-დან 8 გრადუსამდე, რაც ჩვენთვის არის ჩვეული ცივი ჯაჭვის რეჟიმი. ამდენად, „ასტროზენეკას“ დანერგვასთან დაკავშირებით ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება ცივ ჯაჭვში არ მოგვიწევს. რაც შეეხება „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინებს, ტექნოლოგიურად ესეც შესაძლებელია, მაცივრების გარკვეული რაოდენობა უკვე არის, მეტია -20 გრადუსიანის და შედარებით ნაკლები -80-იანის, მაგრამ დიდ ქალაქებში ესეც არის. ყველა ტიპის ვაქცინის ჩატარება ქვეყანაში შესაძლებელია, მინიმალური დრო დასჭირდება დამატებითი რესურსის მობილიზებას, მაცივრებზე და ლოჯისტიკის გამართვაზე მაქვს საუბარი. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ექიმების ტრენინგი, ეს იქნება ინდივიდუალურად, იქიდან გამომდინარე, რომელ ვაქცინაზე შეჩერდება აქცენტი და ესეც მოკლე ვადაში იქნება შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ „კოვაქსის“ ვაქცინიდან ველოდებით მიღებას, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან და ასევე მწარმოებლებთანაც და იმედი გვაქვს, მოკლე ხანში გვექნება გადაწყვეტლება, საიდან ვიწყებთ, თორემ, რა თქმა უნდა, „კოვაქსის“ ფარგლებში, ჩვენც მივიღებთ ჩვენს წილ ვაქცინას, თუმცა ეს არ იქნება გაზაფხულზე ადრე. იმისთვის, რომ უფრო ადრე მოხდეს, მიდის მწარმოებლებთან აქტიური მუშაობა“,- განაცხადა გაბუნიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები