20:33 14.01.2021
საქართველოში აშშ-ის საელჩო 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს აქვეყნებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტს აქვეყნებს.

 

 

„იმის გათვალისწინებით, რომ მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელები (5G) სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც მომავალი კეთილდღეობის, ისე ეროვნული უსაფრთხოებისათვის, შეერთებული შტატები და საქართველო ადასტურებენ სურვილს, გააძლიერონ თანამშრომლობა 5G-ის მიმართულებით. 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის ისეთი, რომელიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს ეკონომიკებს. 5G ქსელებზე მონაცემთა გაზრდილი მოცულობა კიდევ უფრო დააკავშირებს მსოფლიოს ეკონომიკებს, მათ შორის, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ეკონომიკებს, და, ასევე, ხელს შეუწყობს საერთაშორისო მომსახურებებსა და ვაჭრობას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემდეგი თაობის საკომუნიკაციო ქსელების შეფერხებებისგან ან მანიპულირებისგან დაცვა და, ასევე, საქართველოს, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა პირადი ცხოვრებისა და ინდივიდუალური თავისუფლებების უზრუნველყოფა.

ამ მიზნით, შეერთებული შტატები და საქართველო ხაზს უსვამენ პრაღის 5G უსაფრთხოების კონფერენციაზე – „პრაღის შეთავაზებები“ – თავმჯდომარის განცხადებას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს 5G ქსელის უსაფრთხოებისადმი საერთო მიდგომის შემუშავებისა და, ასევე, უსაფრთხო, მდგრადი და სანდო 5G ეკოსისტემის უზრუნველყოფისათვის. პრაღის შეთავაზებები ხაზს უსვამს 5G ქსელების განვითარების, ამოქმედების და კომერციალიზაციის აუცილებლობას თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის, გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე.

ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ხაზგასმით აღნიშნავენ 5G ბაზრებზე ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საიმედო და სანდო მომწოდებლების მონაწილეობის მნიშვნელობას, რისკის პროფილის შეფასების გათვალისწინებით და, ასევე, ისეთი ჩარჩოების ხელშეწყობის საჭიროებას, რომლებიც ეფექტურად იცავს 5G ქსელებს არასანქცირებული წვდომისგან ან ჩარევისგან. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ასევე აღიარებენ, რომ 5GG მომწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რაც საშუალებას მისცემს ინოვაციების განვითარებას და ხელს შეუწყობს ეფექტურობას. ამ პროდუქტებმა და მომსახურებებმა უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია და ხელი შეუწყონ შემდგომ განვითარებას ბაზარზე მაქსიმალური მონაწილეების ჩართულობით. შეერთებული შტატები და საქართველო ადასტურებენ საკუთარ შეხედულებას, რომ ყველა მთავრობას საერთო პასუხისმგებლობა ეკისრება, გულმოდგინედ და დაბალანსებულად შეაფასოს 5G აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები და მოწოდების ჯაჭვი 5G-ის უსაფრთხო და მდგრადი არქიტექტურის უზრუნველსაყოფად.

მძლავრი და ჯანსაღი 5G ეკოსისტემის ხელშესაწყობად, მომწოდებლების სკრუპულოზური შეფასება უნდა ითვალისწინებდეს კანონის უზენაესობას; უსაფრთხოების გარემოს; ეთიკური მიწოდების პრაქტიკას; მიმწოდებლის შესაბამისობას უსაფრთხოების სტანდარტებთან და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკასთან. კერძოდ, შეფასებები უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

1. ხომ არ ექვემდებარებიან ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები, დამოუკიდებელი სასამართლო დადგენილების გარეშე, უცხო ქვეყნის მთავრობის კონტროლს;

2. რამდენად ღიად და გამჭვირვალედ ფინანსდებიან ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები და იყენებენ თუ არა შესყიდვების, ინვესტიციების და კონტრაქტის სფეროში სტანდარტულ საუკეთესო პრაქტიკას;

3. აქვთ თუ არა ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლებს ეთიკური კორპორატიული ქცევის ისტორია, მათ შორის საკუთრების პარტნიორობისა და კორპორატიული მართვის სტრუქტურების გამჭვირვალება;

4. იზიარებენ თუ არა ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები ინოვაციისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების პატივისცემისადმი ერთგულებას.

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მიაჩნიათ, რომ ქვეყნებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული ქსელების ქსელური აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის არასანდო მომწოდებლებიდან სანდოზე გადასვლა, [აპარატურის] სასიცოცხლო ვადის ციკლის გათვალისწინების საფუძველზე, რეგულარული ჩანაცვლებით. ასეთი ძალისხმევა არამარტო გააუმჯობესებს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ შესაძლებლობას მისცემს კერძო სექტორის ინოვატორებს, წარმატებას მიაღწიონ თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში და, ასევე, სარგებელი მოუტანონ ჩვენს ციფრულ ეკონომიკებს.

ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ადასტურებენ, რომ ასეთი განხილვისა და შეფასების ელემენტები მნიშვნელოვანია და უნდა ემყარებოდეს მათი ეროვნული უსაფრთხოების რისკებს.

მომავალი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის შექმნის ხელშესაწყობად, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები აპირებენ ერთმანეთთან და სხვა დაინტერესებულ მთავრობებთან ერთად ითანამშრომლონ ინოვაციებზე, რათა უზრუნველყონ მრავალფეროვანი და ძლიერი მიწოდების ჯაჭვი უსაფრთხო და სანდო მომავალი თაობის უსადენო ტექნოლოგიების ქსელისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ხაზს უსვამენ თანამშრომლობისა და დახმარების მნიშვნელობას ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზნების მისაღწევად“, – ნათქვამია აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge