20:50 14.01.2021
იაგო ხვიჩია - ვაგებთ მოლაპარაკების პროცესს, ვინაიდან ვერ ვამტკიცებთ სათანადოდ იმას, რასაც ვლაპარაკობთ

ფასილიტატორების განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ვაგებთ მოლაპარაკების პროცესს, ვინაიდან ვერ ვამტკიცებთ სათანადოდ იმას, რასაც ვლაპარაკობთ. ეს არის ფაქტი და მე მინდა, ეს პროცესი შევატრიალოთ, რომ არავინ დაკარგოს სახე, ოპოზიცია დარჩეს თავის პოზიციაზე, გათვალისწინებული იყოს ჩვენი მოთხოვნები ისე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ უპირატესობა გვქონდეს და ხელისუფლება გამოჩნდეს დესტრუქციული, - ამის შესახებ „ტვ ფორმულას“ ეთერში „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

„ხელისუფლებამ თავისი მოსაზრება ირაკლი კობახიძის განცხადებით გამოთქვა, ოპოზიციამ თავისი აზრი დააფიქსირა. ამ პოზიციებს შორის არ არის შეხების წერტილი, რის გამოც არ ინიშნება მეხუთე რაუნდი. ამ პროცესში ჩვენ ავიღეთ საკუთარ თავზე ინიციატივა, რომ დაველაპარაკოთ ყველა პარტიას იმ პირობაზე, რომელიც სამართლიანად მიგვაჩნია ყველა პოლიტიკური ძალისთვის - ჩემთვისაც, „ნაცმოძრაობისთვისაც“ და ხელისუფლებისთვისაც. ჩვენ გვინდა ისეთი ცვლილებები, რომლებსაც სჭირდება კონსტიტუციის შეცვლა. ამისთვის საჭიროა 113 ხმა. ჩვენ და „ქართული ოცნება“ ჯამში რომ 113 მანდატს ვფლობდეთ, მე პარლამენტში შევიდოდი და ამის შესახებ არავის ვკითხავდი. ვინაიდან ეს მხოლოდ ჩვენი ორი ძალის შეთანხმებით ვერ ხერხდება, მე ამაში მჭირდება ჩემი მეგობრების, ოპოზიციის დახმარება. მოქმედი კანონმდებლობა რომ არ შეიცვალოს და 2024 წლის არჩევნებზე რომ დაახლოებით იგივე შედეგები დაჯდეს, პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ და “ნაცმოძრაობა“ მოხვდებოდნენ. ორპარტიული სისტემა ამ ქვეყნისთვის უდიდესი ბოროტებაა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge