დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

თამარ გაბუნია - ჩვენი მთავარი პირობაა, რომ ვაქცინა ხარისხიანი იყოს 15.01.2021 17:11

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ვაქცინაცია მიუხედავად იმისა, გადაიტანა მან კორონავირუსული ინფექცია თუ არა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელი პირობაა, რომ საქართველოში შემოტანილ ვაქცინას ხარისხის გარდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების აღიარება ჰქონდეს.

 

„რომ გითხრათ სკეპტიციზმი არ არის საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, მართალი არ იქნება. ზოგადად, ვაქცინაციასთან მიმართებით ნდობა არა მარტო ჩვენთან, არამედ გლობალურად ჯერჯერობით მაღალი არ არის, თუმცა, პირველ რიგში, ჩვენ ჯანდაცვის პროფესიონალებთან ვიმუშავებთ, რადგან ჯანდაცვის პროფესიონალები ის პირველი ჯგუფია, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია და ვაქცინების პირველი მიმღები იქნება. ამ შემთხვევაში, ხშირად ისმის შეკითხვა, რამდენად ექვემდებარება ვაქცინაციას ის ადამიანი, რომელმაც უკვე გადაიტანა დაავადება. ესეც იქნება ჩვენს შემთხვევაში ერთ-ერთი შეკითხვა. ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ვაქცინაცია მიუხედავად იმისა, გადაიტანა მან ინფექცია თუ არა. აქ შესაძლოა ვიმსჯელოთ უბრალოდ დროზე და პირველ ეტაპზე რომელი ადამიანი მოვიცვათ. თუმცა, ეს საკითხები დაზუსტდება და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ამ ინფორმაციას“,-განაცხადა გაბუნიამ.

 

მისი თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

 

„ის, რომ ვაქცინა იქნება ხარისხიანი, ეს არის ნამდვილად ჩვენთვის მთავარი პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოვიდეს, ასევე აღიარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ. ნებისმიერი ვაქცინა აღიარების გარეშე, რა თქმა უნდა ვერ შემოვა. ხარისხი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა, გვერდითი რეაქციების რისკი ყოველთვის არსებობს. მაქსიმალური მობილიზება იქნება ჯანდაცვის სამინისტროში იმისთვის, რომ თუკი სადმე პროგნოზირებაა მოსალოდნელი, იმ ჯგუფში ვაქცინა არ ჩატარდეს, ასევე მოხდეს გვერდითი რეაქციების შესაბამისი მართვა“,-განაცხადა გაბუნიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ