დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ტურიზმის კრიზისი საქართველოში: სიმინდის თესლი გასაბერი ნავების ნაცვლად 25.01.2021 13:08

 

გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩლანდფუნკ“-მა («Deutschlandfunk») რუბრიკით „მოგზაურობა“ ეთერში გადასცა ჟურნალისტ თომას ფრანკის ვრცელი ნარკვევი სათაურით „ტურიზმის კრიზისი საქართველოში: სიმინდის თესლი ნავების ნაცვლად“, რომელშიც ავტორი  ერთ-ერთ ქართველ ბიზნესმენზე საუბრობს და მის მაგალითზე ქვეყანაში ძექმნილ მძიმე სიტუაციას მიმოიხილავს.


„საქართველო, სადაც ერთი წლის წინათ ეკონომიკური ზრდა შეინიშნებოდა, კორონავირუსის პანდემიის გამო დღეს კრიზისშია ჩავარდნილი. განსაკუთრებით ტურიზმი დაზარალდა. ბევრი ადამიანი უკვე თვითგადარჩენაზე ფიქრობს“, - აღნიშნავს ავტორი, რომელიც ახლახან იმ ადამიანს ეწვია, რომელსაც პირველად 8 წლის წინ შეხვდა - სოსო მექვევრიშვილს: „იგი ადრე მთებში მოგზაური ტურისტების მომსახურებით იყო დაკავებული, ამარაგებდა მათ სამთო ველოსიპედებით, ბაიდარებით, გასაბერი ნავებით (მდინარეებზე რიფტინგისათვის), დღეს კი იგი იძულებულია როგორმე თავი გადაირჩინოს და ბიზნესი შეცვალოს“.


„2013 წელს, როცა მე სოსო მექვევრიშვილს პირველად შევხვდი, საქართველო ის-ის იყო ღრმა კრიზისიდან გამოდიოდა. რუსეთს კავკასიური მეზობლისათვის ეკონომიკური ბლოკადა ჰქონდა გამოცხადებული. არადა, სწორედ რუსეთი წარმოადგენდა ქართული პროდუქციისათვის მთავარ ბაზარს. ეკონომიკური სანქციების დროს სოსოს იდეა გაუჩნდა, რომ  რიფტინგის მოყვარული უცხოელი ტურისტებისთვის ბაზა შეექმნა და ისინი სუფთა ქართული პროდუქციით - ხორცით, ხილით, ეროვნული კერძებით მოემარაგებინა. მას იმედი ჰქონდა, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოში ტურიზმი ფართოდ განვიტარდებოდა. მართლაც, 2019 წლამდე საქართველოში უცხოელი მოგზაურების რაოდენობა მკვეთრად მატულობდა, გაიზარდა ტურიზმით მიღებული შემოსავალი, რომელმაც თითქმის სამი მილიარდ ევროს გადააჭარბა. 2019 წელს საქართველო 9 მილიონ უცხოელ ტურისტი მიიღო - თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე ამ ქვეყნის მოსახლეობაა. სოსო მექვევრიშვილმაც, მომავლის იმედით, თავის ბიზნესში 250 ათასი ევრო (თითქმის ნახევარი მილიონი ლარი) დააბანდა. 2020 წლისათვის ადგილებიც დაჯავშნა, მაგრამ... კორონავირუსმა საქმე გააფუჭა“, - წერს ავტორი.


„საქართველოში კრიზისია. არც მთავრობას და არც მოსახლეობას საკმარისი რეზერვები არ გააჩნიათ კრიზისის საწინააღმდეგოდ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანას უდიდესი უბედურობები აქვს გადატანილი - ძმათაშორისო სისხლისღვრები, ეთნიკური კონფლიქტები, ომები, ფინანსური კრიზისები, საშინელი ინფლაციები... საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის აგრეთვე ასი ათასობით ლტოლვილის არსებობა“, - აღნიშნავს ავტორი და კახეთში შექმნილ ერთ-ერთ ახალ ფირმის საქმიანობას აღწერს, რომელიც სიმინდის თესლით გაყიდვით არის დაკავებული. „ფირმის მფლობელი თავისი ზორბა სხეულით და ცხვირით ცნობილ კინოგმირ ასტერიქსს მოგვაგონებს. იგი აზერბაიჯანელია, საუბრისას ბროწეულს ჭრის და წითელ მარცვლებს მთავაზობს. მის ფირმაში ძირითადად ქალებია დასაქმებული. შემოსავალი საკმაოდ ნორმალურია, დასაქმებულები კმაყოფილნი არიან. სოსო მექვევრიშვილმაც გადაწყვიტა, რომ  რიფტინგის მოყვარულთა მომსახურების ნაცვლად მარცვლეულის დამზადება დაიწყოს, ან ბედი მეცხოველეობაში სცადოს“.


რადიონარკვევში ავტორი ეხება აგრეთვე ევროკავშირის მიერ საქართველოსადმი გაწეულ დახმარებას - 375 მილიონი ევროს სახით, რომელიც ჯანდაცვის განვითარებას და კრიზისით დაზარალებულ დარგებს, მათ შორის ტურიზმს უნდა მოხმარდეს.


წყარო: https://www.deutschlandfunkkultur.de/tourismuskrise-in-georgien-saatgut-statt-schlauchboot.1076.de.html?dram:article_id=490709

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ