21:14 25.01.2021
თამარ გაბუნია - მედიკამენტებზე მაღალი ფასი რჩება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ გამოწვევად

მედიკამენტებზე მაღალი ფასი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, საკითხი დროებითი ინტერვენციებით ვერ გადაიჭრება.

 

„მედიკამენტებზე მაღალი ფასი რჩება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ გამოწვევად და ამას სჭირდება ერთიანი, სტრატეგიული პასუხი. ეს ფრაგმენტული ინტერვენციებით ვერ გადაიჭრება, დიდი ხნის პრობლემაა და სერიოზული პასუხი სჭირდება. ამისთვის, დაახლოებთ ორიოდე კვირის წინ, საქართველო შეუერთდა ოსლოს ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში და ჩვენს რეგიონში ითვალისწინებს ერთიანი პოლიტიკის შექმნას, რაც ქვეყნებს საშუალებას მისცემს წამლის ფასზე ჰქონდეთ სწორი პოლიტიკა და ის მექანიზმები, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას. დღეს მე ცალსახა პასუხი არ მაქვს, რადგან ეს არის ერთიანი საკანონმდებლო სივრცის საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას იმ ახალ საკანონდებლო ინიციატივის ფარგლებში, რაზეც მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით ჯანდაცვის კომიტეტი. ვფიქრობ, მალე დავუბრუნდებით ამ საკითხს და უფრო მეტი პასუხი, ამაზე გვექნება.

 

ჯანდაცვის სისტემის მხრიდან, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დანიშნულებები იყოს რაციონალური და პაციენტს არ მოუხდეს ბევრი ისეთი მედიკამენტის მიღება, რომელიც მისთვის არ იქნება ეფექტური“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge