19:57 26.01.2021
რომან გოცირიძე - ბურიდანის ვირი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოს გია ბარამიძემ?

წარმოიდგუნეთ, მე გია ბარამიძეს ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!“ ან "ტროას ცხენი" ხარ - მეთქი, რომ ვუწოდო - პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე!“- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე თავისი თანაპარტიელის გიორგი ბარამიძის კრიტიკას, რომელიც გოცირიძის მხრიდან ბათუმში, დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტთან დაკავშირებით სიტყვა „ბრბოს“ გამოყენებას მოჰყვა. როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ბოდიშის მოხდისკენ მოწოდება არასერიოზული განცხადებაა. ამასთან, გოცირიძის თქმით, ის არასდროს პარტიული თუ საარჩევნო კონიუნქტურით არ იმოქმედებს, სადაც საჭირო იქნება სიმართლეს იტყვის და ერთკვირიან კრიტიკას აიტანს.

 

„ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა გია ბარამიძემ ამ ადგილიდან, ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა აბრაამ ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის მეც და სალომე სამადაშვილსაც, თურმე ჩვენ აქტივისტებს ვუწოდეთ „ბრბო“. აბრაამ ლინკოლნის ციტატაში ნათქვამია, რომ „არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს განსჯის საგანი იყოს, სადაც ბრბო არის მასა“, ორტეგა - ი - გასეტის „მასების აჯანყებაში“ მასა და ბრბო სინონიმებია, 200 წლის წინ კაცმა სამართლებრივი კუთხით გამოიყენა ტერმინი, რომელიც კოლექტივს ნიშნავს ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოდ. გია ბარამიძემ ეს გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით თითქოს და ბრბოში იგულისხმებოდა არა ფილოსოფიური ბრბო, არამედ ხულიგნური დაჯგუფება. წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს რომ ვუწოდო, ცხენი ან ვირი. ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!“- ცნობილი ამბავია, რომ ბურიდანის ვირი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ახლა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოს გია ბარამიძემ? ტროას ცხენი ხარ- მეთქი პარტიაში, რომ ვუწოდო?! ანუ შუღლს აგდებ მეთქი- პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე! ბოდიშის მოხდისკენ მოწოდება არის არასერიოზული განცხადება.

 

მე მგონია,ყოველთვის ჯობია თქმა, უფრო მეტიც მგონია, რომ პარტია უნდა იყოს უფრო მეტად ღია, თუ გვინდა, რომ მოვიზიდოთ ახალი სისხლი და პარტია იყოს თანამედროვე ტიპის და არა ჩაკეტილი ორგანიზაცია, სადაც ინფორმაციის გაჟონვა, თურმე, არ შეიძლება რაღაც პრაგმატული მოსაზრების გამო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. მისივე განცხადებით, პარტიაში რაიმე სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. მისივე განმარტებით, პარტია ერთ ორიენტირზე არ არის აგებული და ეს ორიენტირი პარტიის განწყობის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს.

 

„გააზიარა მიხეილ სააკაშვილმა ეს ფაქტი, მან გააზიარა და გარკვეულწილად ირიბად მოწონება გამოხატა, მე მოწონება არ გამოვხატე, ისევე, როგორც სხვებმა, ისევე, როგორც ეკა ხერხეულიძემ, ისევე, როგორც მირდატ ქამადაძემ, აჭარაში ჩვენმა ლიდერმა, არავინ არ მოიწონა. გამოდის, რომ პარტია რაღაც ერთ ორიენტირზე არ არის დამოკიდებული და ის ორიენტირი შეიძლება პარტიის განწყობილების მიხედვით შეიცვალოს, ამიტომ, პირადად ჩემზე თუ არის საუბარი, არასდროს პარტიული თუ საარჩევნო კონუნქტურით არ ვიმოქმედებ, სადაც საჭიროა ვიტყვი სიმართლეს, ერთკვირიან კრიტიკას ავიტან,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge