23:16 26.01.2021
ლევან ლორთქიფანიძე - აქეთ შიმშილია, იქით სიკვდილი! ხელისუფლება გვეუბნება, შიმშილზე საშიში სიკვდილიაო! ოპოზიცია სიკვდილს ამჯობინებს! რა სიგიჟეა!

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:


“რამდენიმე დღეა ყველანი თვალს ვადევნებთ მოქალაქეთა ბორგვასა და პროტესტს. ადამიანები პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების მოხსნას ითხოვენ. არადა, ჩვენზე ათასჯერ უკეთესი ჯანდაცვის სისტემის მქონე და მრავალგზის უფრო მოწესრიგებულ ქვეყნებში გაცილებით უფრო მკაცრი წესები აქვთ შემუშავებული. გერმანიაში, ბრიტანეთში ეშინიათ, რომ “გახსნის” შემთხვევაში უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ვეღარ მოახერხებენ.

რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილის ერთბაშად გაუქმების შემთხვევაში, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ რა ბედი ელის ჩვენს ჯანდაცვის სისტემას? ისევ კატასტროფას ხომ არ უნდა ჩავხედოთ თვალებში? გახსოვთ, სასწრაფო რომ 29 საათში მოდიოდა? “გახსნის” შედეგების თაობაზე უფიქრიათ რეგულაციების გაუქმებაზე დაგეშილ ხელმოცარულ პოლიტიკოსებს? ხომ არ აპირებენ უპასუხისმგებლოდ გამოიყენონ ხალხის გაჭირვება?

მეორე მხრივ, სრულიად მესმის ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან, სამსახური დაკარგეს, ხელფასი შეუმცირდათ, გაუუარესდათ განათლების მიღების შესაძლებლობები, დაიტანჯნენ სახლში ყოფნით და ა.შ. მათი ტვირთის შემსუბუქებას კი ხელისუფლება ვერ ახერხებს…

მოკლედ, ორ ცეცხლს შუა ვართ. აქეთ შიმშილია, იქით სიკვდილი! ხელისუფლება გვეუბნება, რომ შიმშილზე უფრო საშიში სიკვდილიაო! ოპოზიცია სიკვდილს ამჯობინებს შიმშილს! რა სიგიჟეა!

ჩვენ კი ამ ორ საშინელებას შორის არჩევანი არ უნდა გავაკეთოთ და ოდნავ უფრო გონივრული ალტერნატივის შემუშავებისკენ ვუბიძგოთ მხარეებს.”




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge