დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ჩინეთი საქართველოს დახმარებასა და მეგობრულ ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს - ლი იენი 27.01.2021 15:01

კოვიდ-19-ის ეპიდემიის ფონზე სულ უფრო წარმატებით ვითარდება ჩინურ-ქართული ურთიერთობები. ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას, ქალბატონ ელჩს ლი იენს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების და ქართულ-ჩინური ურთიერთობების შესახებ, რაზეც  ქალბატონი ლი იენი სიამოვნებით დაგვთანხმდა. "ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ინტერვიუს ჩინეთის ელჩთან.

 

ქალბატონო ელჩო, ბოლო პერიოდში ჩინეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება. არის თუ არა ეპიდემიის განმეორების საშიშროება? რა საწინააღმდეგო ზომებს მიმართა ჩინეთის ხელისუფლებამ?


მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ეპიდსიტუაცია ზოგადად ეფექტურად კონტროლდება, მძიმე გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, იმპორტირებული და სპორადული შემთხვევები გაიზარდა, ბოლო პერიოდში ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში ნაწილობრივ ისევ იჩინა ეპიდემიამ თავი, რაც ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის საჭირო სამუშაოების გრძელვადიან ხასიათსა და სირთულეებს ცხადყოფს. ჩინეთის მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა, მყისიერად გაზარდა საინსპექციო და ტესტირების მასშტაბები და პრევენციისა და კონტროლის სხვადასხვა ზომები გააძლიერა, რითაც ეპიდემიის გავრცელების შეჩერება მოკლე დროში მოხერხდა.

 

ჩინეთი პრაქტიკაში ამტკიცებს, რომ თანადგომითა და ძალების გაერთიანებით, მეცნიერული ღონისძიებების გატარებით, ეპიდემია კონტროლირებადი და განკურნებადია. ეს გლობალური პანდემიის პრევენციისა და კონტროლის საქმეში ნდობასა და სტიმულს აჩენს. ჩინეთი მტკიცედ განახორციელებს ეპიდემიის ნორმალიზებულ პრევენციასა და კონტროლს, გააგრძელებს  "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მხარდაჭერას, მსოფლიოს ხალხებთან ერთად იბრძოლებს ეპიდემიის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მალე მოპოვებას შეეცდება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა ჩინეთში ახალი კორონავირუსის წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, მათი კვლევა შეფერხებულია, ჩინური მხარე როგორ ახსნის ამ ფაქტს?


14 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცამეტკაციანი ექსპერტთა ჯგუფი ქალაქ უხანში ჩავიდა, სადაც ისინი თოთხმეტდღიან კარანტინს გადიან. ჯანმოს ექსპერტები ჩინელ მეცნიერებთან კოვიდ-19-ის წყაროს საპოვნელად ერთობლივ სამეცნიერო კვლევას ჩაატარებენ, რათა მომავალში უკეთ მოხდეს რეაგირება და შესაძლო საზოგადოებრივი კრიზისის თავიდან აცილება. ჯანმოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების თქმით, ეს ექსპერტთა ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნის დარგის საუკეთესო ექსპერტებს აერთიანებს. მათი კვლევის მიზანს ვირუსის წარმოშობის გასაგებად მეცნიერული პასუხების მოძიება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომავალ შესაძლო პანდემიებზე რეაგირება წარმოადგენს.

 

კოვიდ 19-ის წარმოშობის წყაროს რაც შეეხება, ამ საკითხზე ჩინეთი ყოველთვის ღიად, გამჭვირვალედ და მაღალი პასუხისმგებლობით ახორციელებდა სამეცნიერო თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. გასული წლის თებერვალსა და ივლისში, როდესაც ჩინეთი ქვეყნის შიგნით ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მძიმე ამოცანის წინაშე იდგა, ჩინეთმა ორჯერ მიიწვია ჯანმოს ექსპერტები და მხარეებმა კოვიდ 19-ის გლობალური სამეცნიერო თანამშრომლობის გეგმის ჩინურ ნაწილზე ერთად იმუშავეს. ჩინელი ექსპერტები ხშირ კონტაქტში იყვნენ ჯანმოსა და საერთაშორისო ექსპერტებთან ვიდეო შეხვედრების, სემინარებისა და სხვა საშუალებებით, სადაც მეცნიერული სულისკვეთებით, ღიად აცნობდნენ ჩინური მხარის მიერ წარმოშობის წყაროს მოკვლევასთან დაკავშირებულ შედეგებს. ჩინეთი პატივს სცემს მეცნიერებას, პატივს სცემს ფაქტებს, მხარს უჭერს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მეცნიერებმა და ეპიდემიოლოგებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაატარონ სამეცნიერო კვლევა წყაროს მისაკვლევად, რათა რაც შეიძლება მალე გაირკვეს სიმართლე და მომავალში შესაძლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მსგავს კრიზისს უკეთ ვუპასუხოთ.


როგორ შეაფასებთ ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?


ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულმა მეცნიერულმა და ეფექტურმა  ზომებმა დადებითი შედეგები გამოიღო და ბოლო დროს კოვიდ 19-ის გავრცელებამ სტაბილურად იკლო. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობის ძლიერი ხელმძღვანელობითა და საზოგადოების ფართო ჩართულობითა და ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აღდგება და ხალხი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

 

ჩინეთი ქართულ მხარეს აქტიურად უზიარებს პრევენციისა და კონტროლის გამოცდილებას. ჩინეთმა საქართველოს სამედიცინო ნივთები და აღჭურვილობა არაერთხელ აჩუქა. ჩინეთი "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მიხედვით მოქმედებს. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა საშუალებით საქართველოს დახმარებას გააგრძელებს და ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

 

ესაუბრა გიორგი ოთინაშვილი

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ