20:45 23.02.2021
მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონ ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა მთავარი პირობა - ზაალ უდუმაშვილი

მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონ იმ პირობით, რომ ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა. ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და მას „ცინიკური“ უწოდა.

 

„ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ცინიკურია, როდესაც ერთი ხელით ადამიანი გთავაზობს, დიალოგის მაგიდას მიუჯდე და მეორე ხელით ავტორია იმ ყველაფრის, რისი მოწმეც მთელი მსოფლიო იყო, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. ჩვენ მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონ იმ პირობით, რომ ამ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა. მეორე, როდესაც პარლამენტში შესვლაზე საუბრობენ, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი და ეს ფასი არის ახალი არჩევნები ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ვართ მზად, დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღები, როდის ჩატარდება ახალი არჩევნები ქვეყანაში“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge