დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

პროკურატურა სულ იხუჭება და თვალს რომ აახელს - იჭერს, ხოლო რამდენჯერაც დაიჭერს, იმდენი „ნიჩურტააო“! - დავით ზარდიაშვილი 26.02.2021 20:55

დავით ზარდიაშვილის პოსტი:

პროკურატურის ახალი პოზიცია მელიას საქმეზე - გაოგნებას იწვევს: თურმე პროკურატურა მზადაა სასამართლოს მიმართოს და მელიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის ისევ გირაოთი შეცვლა ითხოვს! ვითარება მართლაც ტრაგი-კომიკურია: მელიას ხომ პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება, სწორედაც იმიტომ შეეფერდა, რომ დაკისრებული გირაო ხაზგასმული, დემონსტრაციული დაუმორჩილებლობით, რაც თავისთავად უკვე, რბილად რომ ვთქვათ - კანონსაწინააღმდეგო განზრახვა და მიზანია, ბოროტად არ გადაიხადა! ახლა, როცა მოსამართლეს პროკურორი მიმართავს უკუ-შუამდომლობით - გირაოს იხდის(თანაც ან იხდის და ან არა!) და პატიმრობა აღარ არის საჭიროო, წესით - მოსამართლეს უნდა მწარედ გაეცინოს და იტყვის კიდეც ალბათ: როგორც ჩანს, თქვენ „დაჭერობანას“ ან „კუკუ-დამალობანასა“თამაშობთ, სადაც პროკურატურა სულ იხუჭება და თვალს რომ აახელს - იჭერს, ხოლო რამდენჯერაც დაიჭერს, იმდენი „ნიჩურტააო“!
ყველაზე სასაცილო და იმავდროულად, მწარედ სატირელი ის არის, რომ მელიას ბრალი ედება 2019 წლის 20-21 ივნისს მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ხოლო პროკურატურის მიერ მასთან „ნიჩურტებით დაჭერობანას თამაში", არც მეტი არც ნაკლები - მასობრივი არეულობის კიდევ უფრო მეტ არეულობაში გადაზრდის ყველაზე მთავარი წინაპირობაა! ანუ: პროკურატურა არა თუ ამ, ფაქტობრივად - განგრძობადი დანაშაულის აღკვეთას ვერ ახერხებს, არამედ - თითქოსდა ხელს უწყობს მას! რატომ და იმიტომ, რომ მელიას, როგორც დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის, საერთოდაც - 20-21 ივნისის საქმე, დიდი ხანია, უკვე დასრულებული უნდა იყოს და სამართლიანი მსჯავრი უკვე გამოტანილი! სირცხვილია! ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პროკურატურა ამ საქმეს „ნიჩურტებით“ აჯანჯლებს - პოლიტიკურად მოტივირებულობაა: პროკურატურას ან პოლიტიკურად ეშინია ნაცების პარტიისა, ანდაც უარესი: პოლიტიკურად შეკრულია მათთან! სხვა ახსნა იმ ფაქტს, რომ ამ ცხადი დანაშაულის, რაც არაერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ყველა უდავო სამხილი და აშკარა მტკიცებულება - მთელმა საქართველომ „ლაივში“, ხოლო შემდეგ- „გადახვევითაც“ ათასჯერ მაინც ნახა, გამოძიება დღემდე არ დასრულებულა და საქმე სასამართლოში არ წარმართულა, ახსნა არ მოეძებნება!
რაც მთავარია: პარლამენტის დღევანდელი საბოტაჟი, სწორედაც რომ 20-21 ივნისს დაწყებული განგრძობადი დანაშაულის ამჟამინდელი შედეგობრივი სახეა. ხოლო პროკურატურა, რომელიც დაჭერობანას „ნიჩურტებით“ დოყლაპიასავით თამაშობს და მუდამ იხუჭება, ამ ამაზრზენი დანაშაულის აღსაკვეთად აბსოლუტურად უვარგისი გამოდგა! როდემდე?! აღარა კმარა?!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ