დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ვინ იყო კოსტა ჯოჯუა - ნაპოლეონ მესამის შვილიშვილი, თუ ლავრენტი ბერიას მეგობარი მევენახე? 04.03.2021 00:21

სიმონ კილაძის პოსტი:

რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტას“ («Независимая газета») 4 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია-რეცენზია სათაურით „საფრანგეთის შვილი“, „ალჟირის ხელმწიფე“: ნაპოლეონ მესამის შვილიშვილი საკუთარ ღვინოს ლავრენტი ბერიასთან ერთად აგემოვნებდა და შემდეგ იოსებ სტალინს უგზავნიდა“ (ავტორი - სერგეი შულაკოვი).
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მკვლევარების სვეტლანა ფერლონგისა და ენდრიუს როუს ავტორობით 2020 წელს გამოცემული წიგნის მიხედვით („საფრანგეთის დაკარგული კრონპრინცი: ნაპოლეონ III-ის მემკვიდრის საიდუმლო“), კოსტა ჯოჯუა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის უკანონო შვილიშვილი ყოფილა - იმპერიის პრინცის ეჟენ ლუი ჟან ჟოზეფის ვაჟი, რომელიც მას, ლონდონში სამხედრო განათლების მიღების დროს, 1879 წელს „ვიღაც“ ინგლისელი ქალისგან შეეძინა. თვითონ ეჟენი იმდროინდელ საფრანგეთში საკმაოდ პოპულარული პიროვნება ყოფილა - პარიზელები ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომ იმპერატორის მემკვიდრეს ტიტული „ალჟირის ხელმწიფე“ ჰქონოდა...
მომავალი ნაპოლეონ IV, პრინცი ეჟენ ლუი ჟან ჟოზეფი ბრიტანეთის არმიაში სამსახურისას, აფრიკაში ზულუსებმა მოკლეს. მალე გაირკვა, რომ მას ვაჟი ჰყავდა. ამ ფაქტმა იმპერატორ ის ოჯახში სკანდალი გამოიწვია. საფრანგეთის დედოფალმა ევგენია დი მონტიხომ (ანუ ნაპოლეონ III-ის ცოლმა) შვილიშვილი შორს გადამალა - საქართველოში, პრინც აშილ მიურატისა და სალომე დადიანის ოჯახში. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან კავკასიური არისტოკრატიის კავშირები საფრანგეთთან კარგად არის ცნობილი.
მოკლედ, ნაპოლეონ III-ის შვილიშვილისთვის (ანუ კრონპრინცისათვის, „ნაპოლეონ V“-სთვის) კონსტანტინე (კოსტა) დაურქმევიათ და საქართველოში იზრდებოდა. იგი ოფიციალურად ობოლი ყოფილა, როცა გაიზარდა და დავაჟკაცდა, ხელი მევენახეობას მიჰყო და მეღვინე გამხდარა.
წიგნის ავტორები სერიოზულად წერენ, რომ კონსტანტინე ჯოჯუა 1921 წლის შემდეგაც უკვე გასაბჭოებულ საქართველოში დარჩენილა. მას ისეთი ჩინებული ღვინო ჰქონდა, რომ როცა საქართველოდან იოსებ სტალინს კრემლში გაუგზავნეს, ბელადს ძალიან მოსწონებია. კონსტანტინე ჯოჯუასთან თურმე ხშირად სტუმრობდა ლავრენტი პავლოვიჩიც და მასთან ერთად აგემოვნებდა ხოლმე ქართულ ღვინოს...
საკუთარ თავზე კოსტა ჯოჯუა არასოდეს არაფერს არ ამბობდა, არც დაუწერია რაიმე. წიგნის ავტორების აზრით, მას ბოლშევიკების მიმართ გარკვეული შიში ჰქონდა - ვაითუ დამიჭირონო, თუმცა, კაცმა რომ თქვას, მისი წარმომავლობა ჩეკისტებს არ აინტერესებდათ.
იყო თუ არა მართლაც კონსტანტინე ჯოჯუა ნაპოლეონ მესამის შვილიშვილი? ეს ვერსია მანამ იარსებებს, სანამ პირიქით არ იქნება დამტკიცებული“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ