თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურემ თვითმკვლელობის მიზნით ისროლა. უწყების ცნობით სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - ნათქვამია თავდაცვის ინფორმაციაში.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მომხდარი შემთხვევა სავარაუდოდ ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს"- ნათქვამია განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge