დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პუტინმა და ერდოღანმა ევროპის დავიწყებული კუთხე - კავკასია გაიყვეს - უცხოური პრესა 04.03.2021 13:16

დანიის გაზეთ „ჯილანდ პოსტენ“-ში («Jyllands-Posten») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინმა და ერდოღანმა ევროპის დავიწყებული კუთხე - კავკასია - გაიყვეს“, რომელშიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციაა განხილული (ავტორი - პერსტიგ მელერი, დანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი).

 


პუბლიკაციის დასაწყისში მოკლედაა მიმოხილული კავკასიის უახლესი, მე-20 საუკუნის მოვლენები: თუ როგორ დაკარგეს დამოუკიდებლობა რეგიონის ქვეყნებმა - საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა 1920-21 წლებში, როგორ დაიპყრო რუსეთმა სამივე რესპუბლიკა და საბჭოთა კავშირში შეიყვანა, რა ინტერესები ჰქონდათ რუსეთსა და თურქეთს (ლენინსა და ქემალს) კავკასიაში...

 


სტატიის ძირითადი ნაწილის შინაარსი ასეთია:
1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში დაწყებული ეროვნული მოძრაობის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, სამივე რესპუბლიკა დამოუკიდებელი გახდა და ისინი ევროპის საბჭოს წევრებად იქნენ მიღებულნი.

 


დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს ასი წლის წინ - 1921 წელს არსებულ ვითარებას: ისევე როგორც მაშინ, ამჟამადაც სამხრეთ კავკასია რუსეთსა და თურქეთს შორის გავლენის სფეროებად გადანაწილების წინაშეა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში დასავლეთის გავლენა მცირდება. მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთთან დაწყებულ ომში აზერბაიჯანმა გაიმარჯვა, რომელსაც თურქეთი ეხმარებოდა. მართალია, რუსეთი დაგვიანებით, მაგრამ მაინც ჩაერია და თავისი ჯარები ყარაბაღში განალაგა. სამაგიეროდ, თურქეთმაც მიიღო დივიდენდები - სამხედრო ბაზა აზერბაიჯანში და სატრანსპორტო კომუნიკაციების (დერეფნის) უფლება ბაქოსაკენ, სომხეთზე ტრანზიტით.  ამრიგად, რუსეთმა და თურქეთმა ფაქტიურად 1921 წლის პოზიციები აღიდგინეს - პუტინი და ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდნენ, დასავლეთი კი წავიდა.


თავისი სამხედრო ყოფნით სომხეთში (გიუმრის სამხედრო ბაზით), აზერბაიჯანში (ყარაბაღის სამშვიდობო ძალებით), უკრაინაში (ყირიმი და დონბასში), საქართველოში (აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“) ვლადიმერ პუტინი ყველა ჩამოთვლილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს აჩვენებს, რომ მათი მიზნები დასავლეთთან გაერთიანებაზე მხოლოდ ოცნებად რჩება. ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანს, ფაქტიურად კი მის ძლიერ მოკავშირეს - თურქეთს ნება მისცა მთიანი ყარაბაღის გაკონტროლების ნება მისცა იმ მიზნით, რომ რეჯებ ერდოღანს კიდევ უფრო დაუახლოვდეს და იგი ნატოს ძირის გამოსათხრელად გამოიყენოს. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი აზერბაიჯანში, სირიაში და ლიბიაში მოქმედებით აჩვენებს, რომ იგი მუსლიმანური სამყაროს ძლიერი ლიდერია. ორივე პრეზიდენტს მსგავსი მიზნები აქვთ: რეჯეფ ერდოღანი ოსმალეთის იმპერიის ყოფილ დიდებაზე ოცნებობს, ვლადიმერ პუტინი კი - დიდი რუსეთის იმპერიის ძლიერების აღდგენაზე, - ნათქვამია სტატიაში.

 


წყარო: https://jyllands-posten.dk/debat/international/ECE12793907/putin-og-erdogan-har-delt-kortene-i-kaukasus-som-er-blevet-det-glemte-hjoerne-af-europa/ 

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ