დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მიხეილ სააკაშვილს არც პლებისციტი უნდა და არც ვადამდელი არჩევნები, მისთვის ყველაზე მარტივი გზა რევოლუციაა - ალეკო ელისაშვილი - 04.03.2021 21:23

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არც პლებისციტი უნდა და არც ვადამდელი არჩევნები. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, სააკაშვილს დაკარგული ძალაუფლების დაბრუნება და შურისძიება სურს იმ ხალხზე, ვინც მანამდე ძალაუფლება დააკარგვინა ან ზურგი აქცია.

 

„სააკაშვილს არც პლებისციტი უნდა, არც ვადამდელი არჩევნები, არც პოლიტიკური მართლმსაჯულების ცვლილება, არც საარჩევნო სისტემის რეფორმა, არაფერი აინტერესებს ობიექტურად. ამ კაცს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის ამოყირავება - რევოლუცია. მას უნდა იმ ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც დაკარგა. ეს იმისთვის უნდა, რომ შური იძიოს იმ ხალხზე, ვინც მანამდე ძალაუფლება დააკარგვინა, ზურგი აქცია და ა.შ. რევანშისთვის უნდა, დანარჩენი მისთვის არაფერი საინტერესო არ არის. რაც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მისთვის საინტერესო არ არის. შარშან ამბობდა, პროპორციული ვისაც უნდა, სულელიაო. არადა მთელი ქვეყანა ვიბრძოდით იმისთვის, რომ პროპორციული გვქონოდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

მისი განმარტებით, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შესვლას ისედაც აპირებდა, უბრალოდ ამისთვის საბაბი არ ჰქონდათ.

 

„ოპოზიციის დიდ ნაწილს შემოსვლა სულ უნდოდა, მაგრამ რაღაც ხელმოსაჭიდი ვერ მოძებნეს. ჩვენი პარტია, სხვებისგან განსხვავებით, არ მივედ-მოვედებოდით. ვთქვით, რომ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები“, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

იგი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან გამოვა და ოპოზიციაც შევა პარლამენტში.

 

ალეკო ელისაშვილმა ასევე დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ არჩევნების მოდიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო.

 

“კარგია, რომ გუშინ გადაწყვიტა ოპოზიციამ აქციების ფორმა შეეცვალა და რამდენიმე აქცია გადადო. წარმოიდგინეთ, რამდენი თვეა ვაწვალებთ ამ ქვეყანას. ამდენ ხანს ელაპარაკათ ასე, მაგრამ კი ბატონო, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სულ გავიძახდით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, დავხვდეთ, დავილაპარკოთ, შევთანხმდეთ. ადრე რომ ასე ელაპარაკათ, ახლა უკვე პარლამენტში აბსოლუტურად სხვა საკითხებზე ვიმუშავებდით, თუნდაც ვაქცინაციაზე. დარწმუნებული ვარ, იქ უფრო ძლიერი ოპოზიციური ხმა რომ ყოფილიყო, ამ ხნის მანძილზე ვაქცინებიც შემოტანილი იქნებოდა და მთავრობა უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას იგრძნობდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

 

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ