დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ქართველი ქალი ულამაზესია, მაგრამ ამ რასის დაცვა მოხდა დედის დაცვით - ნოე ჟორდანია ქართველი ქალების შესახებ 08.03.2021 15:20

ნოე ჟორდანია ქალების შესახებ წერდა:


ყველა ერთა შორის, რომელთაც კი ვიცნობ, ქალი ნაკლებად დამონებულია, მეტად პატივცემულია ქართველებში... ქართველი ქალი ულამაზესია, მაგრამ ამ რასის დაცვა მოხდა დედის დაცვით. ჩვენში თავიდანვე ქალს ჰქონდა უპირატესობა კაცის წინაშე (ქალ-ვაჟი, დედ-მამა, ცოლ-ქმარი, და-ძმა). ყველა სხვა ხალხებში სწორედ პირუკუღმაა. ქალი ჩვენში იყო მუდამ ოჯახის გამგე, როგორც რომში, მას ეკითხებოდა მთელი შინაური დაწყობილობა, ბაშვების მოვლა-პატრონობა, თავისუფალი იყო ფიზიკური შრომისაგან. პირველს ქალს ადღეგრძელებდნენ წვეულებაში - რა დიდი პიროვნებაც არ უნდა ყოფილიყო წვეულ მამაკაცებს შორის. მშობიარობის დასვენება გრძელდებოდა 40 დღე, რომლის განმავლობაში ქალი ფეხს არ დადგამდა იატაკზე. ეს იყო იმავდროულად დიდად ჰიგიენური ჩვეულება, რის გამოც ქალის ავადმყოფობა იშვიათი იყო... ჩვენში ყველაზე უფრო ტანადი და ლამაზი ხალხი გამოდიოდა იმ პროვინციიდან, სადაც ქალი უფრო პატივცემულ მდგომარეობაში იყო. ასეთია დასავლეთი საქართველო. აქ სოფლები სავსეა ქალ-ვაჟებით, რომელთა მსგავსს ევროპის სოფელში ვერ შეხვდები. საფრანგეთის ყველა კუთხე დავლილი მაქვს და მხოლოდ ერთხელ შევხვდი გლეხის ქალს მართლა თვალტანადიანს, ხოლო მისი მსგავსი ჩვენში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა...ქალის პატივი მომდინარეობს შვილის პატივისაგან. სადაც კარგი შვილის ყოლას დიდად აფასებენ, მას ნატრულობენ და შესტრფიან- იქ ქალი პატივშია, იქ მისი ავტორიტეტი დიდია. ასეთი ქვეყანა იყო უეჭველად საქართველო. ახლა ლამაზ ქალს ეძებენ არა ლამაზი შვილისთვის, არამედ სიამოვნებისათვის. ასეთი გაევროპელება ქართველ ერს დიდ საშიშროებას უქადის - ქალი გამოცხადდა არა შვილის, არამედ სიამოვნების წყაროდ. ქალი ჩამოქვეითდა უბრალო ნივთამდე, სამკაულამდე, რომელიც თურმე გაჩენილია კაცების სასიამოვნოდ და თვითონაც ისიამოვნოს... ცოლ-ქმრობის ურთიერთობა საუკეთესოდ იხატება ერთი ქართული სიტყვით, რომლის მსგავსი სხვა ენებში არაა. ეს სიტყვაა მეუღლე, შეუღლება, ორი ადამიანის ერთ უღელში შებმა. ე.ი. ჩვენ ხალხს წარმოდგენილი აქვს დაოჯახება არა როგორც საქეიფო და საარალ-თარალო საშუალება, არამედ როგორც უღლის დადება, ე.ი. მძიმე, სერიოზული საქმე, რასაც უნდა გაუძღვნენ შეუღლებულნი. ასე უყურებს ჩვენი ერი ამ დიდ საჭირბოროტო საკითხს და ეს შეხედულება სავსებით ეწინააღმდეგება თანამედროვე გაადვილებას და გაყაზილარებას ქორწინებისას.. როგორც ვაკვირდები, ქალი ყველაზე მეტად მაინც პატივცემულია ქართველთა შორის. მოვიყვან 3 საბუთს:


1 ქალი ყველგან მუშაობს ყანაში და ბაღჩაში კაცის გვერდზე. ჩვენში ქალი მიწაზე არ მუშაობს (ეს დაიწერა 1936 წელს. როგორც ჩანს, ქალთა სერიოზული ფიზიკური ექსპლოატაცია კომუნისტების დროს დაიწყო და დღემდე გრძელდება - ვ.შ.)


2. ქალს ფიზიკურად სცემს კაცი ყველგან- ჩვენში კაცი ქალს არ გალახავს


3. მსოფლიოსა და ევროპაში კაცი ქალს კლავს, განსხვავებას ვერ ხედავს კაცსა და ქალს შორის- ჩვენში არასოდეს გამიგონია, არც წამიკითხავს- კაცს ქალი მოეკლას. ნოე ჟორდანიას ნათქვამს დავამატებ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც უძველესი დროიდან მე-20 საუკუნემდე არც ერთ სასამართლო უწყებას არ გამოუტანია ქალის სიკვდილით დასჯის არც ერთი განაჩენი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ