დღე: 19

ღამე: 11

USD 2.7477

EUR 3.1167

ნიკალას უთქვამს, დაჯექი, დაგხატავო - ფაქტები ლადო გუდიაშვილის ცხოვრებიდან 30.03.2021 12:08

ლადო გუდიაშვილი 1896 წლის 30 მარტს თბილისში დაიბადა. დავითის ოჯახი არ მონაწილეობდა ჩუღურეთის მოჰემურ ცხოვრებაში. ისინი განცალკევებით ცხოვრობდნენ და მთელ თავისუფალ დროს, ორი ვაჟის – ვახტანგისა და ლადოს აღზრდას ანდომებდნენ. ოჯახში იღებდნენ ჟურნალ-გაზეთებს, ქონდათ მუსიკალური ინსტრუმენტები, მართავდნენ საოჯახო კონცერტებს, ბავშობის წლების გახენება ლადო გუდიაშვილს დადებით ემოციებს ჰგვრიდა.

 

 

,,ჩემმა ბავშოვობამ, – იგონებდა მხატვარი, – ძველი თბილისის უბანში გაიარა. ეს იყო ძალზე ღარიბული, მაგრამ უაღრესად თავისებური, უაღრესად კოლორიტული უბანი”.

 

 ***

ლადო გუდიაშვილი იმდენად თავაზიანი პიროვნება იყო, რომ არასდროს ერეოდა სხვის საქმეში. მას აწუხებდა საკუთარი მოდელები და მათ წარმოსახვაში იმდენად იყო ჩაფლული, რომ დანარჩენ გარესამყაროს ღიმილით შესცქეროდა. მხატვარი 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოდან გავიდა ევროპაში. მან პარიზში ყოფნისას თმები გადაიპარსა, რის გამოც ყაჩაღს მიამსგავსეს და კინაღამ დაიჭირეს. ის ყაჩაღი ლადოს ნამდვილი ორეული აღმოჩნდა. დამნაშავის სურათი რომ აჩვენა ქართველ მხატვარს პოლიციელმა, მსგავსება აშკარა იყო, თუმცა, დაჭერას გადაურჩა, რადგან უმალ გაერკვნენ სიტუაციაში. ლადო გუდიაშვილი ევროპაში დიდ მხატვრად აღიარეს, მაგრამ მისთვის სამშობლო ღმერთივით ერთი იყო. ყოველგვარ კეთილდღეობაზე უარი თქვა და დაბრუნდა, აქ კი ლენინისა და სტალინის იდეოლოგიით ოკუპირებული სამშობლო დახვდა. მაშინ მხატვრის შემოქმედებაში დიდი გარდატეხა მოხდა. თუმცა, პარალელურად 40-იანი წლების გრაფიკულ ნამუშევრებში პირდაპირ ღიმილით ჰყვებოდა სათქმელს. “ტვინის ჭყლეტა”, “ცენზურა”, “მაიმუნის სამიზნე” – ამ ნამუშევრებს მრავლის თქმა შეუძლიათ. მას ფორმალიზმშიც დასდეს ბრალი. ის პაოლო იაშვილთან, ტიციან ტაბიძესთან მეგობრობდა, ყველანი მისი მეგობრები იყვნენ, მაგრამ მხატვარი რეპრესიებს გადაურჩა, ეს ალბათ მისი ბედისწერაც იყო. ბედია, რომ გალაკტიონი ცოცხალი დარჩა. ლადოს მფარველი ანგელოზი ჰყავდა, მისი მეუღლის ნინას სახით.

 

 ***

ლადო გუდიაშვილს ფრესკებისადმი სიყვარული მას შემდეგ გაუჩნდა, როცა პირველად გელათში შევიდა. მაშინ მხატვარი ახალგაზრდა იყო და ყველაზე დიდი განცდა ამ ეკლესიაში დაეუფლა. ამბობენ, რომ დედამისმა გერმანელ მხატვარს ზომერს მიუტანა ლადოს ძმის ნახატი, თუმცა მას ლადოს მინახატი უფრო მოსწონებია. ლადომ ძმის ნამუშევარს საკუთარი ნახატი მიახატა. ეს რა არისო? უკითხავს გერმანელს. დედამ უთხრა, საკუთარ ძმას ალბომი გაუფუჭა ლადომო. გერმანელ პედაგოგს კი უთქვამს, ამ მინახატის ავტორისგან ნამდვილი მხატვარი გამოვაო.

 

 

***

როცა ლადო გუდიაშვილი ქვაშვეთს ხატავდა, ეს იყო უბედნიერესი პერიოდი მის ცხოვრებაში. ამის გამო მან რეჟიმის რისხვაც იწვნია. მხატვარს იაფფასიანი ხრიკი მოუწყეს, დაიბარეს, განცხადება დაწერე, პარტიაში უნდა მიგიღოთო. ლადომ უპასუხა, ჩემი ბიოგრაფიის მქონეს პარტიაში რა უნდაო? მათ მუქარით დააძალეს, განცხადება დააწერინეს, პარტიაში მიიღეს, მაგრამ ერთ თვეში ჩამოართვეს პარტბილეთი. ეს სჭირდებოდათ, რომ მერე ეთქვათ, ლადო გუდიაშვილი პარტიიდან გარიცხულიაო.

 

***

ფიროსმანს ძალიან უნდოდა ლადო გუდიაშვილის დახატვა. ნიკალას უთქვამს, დაჯექი, დაგხატავო, მაგრამ ლადომ ვერ შებედა. მისთვის ფიროსმანი იყო ღვთიური მოვლენა, უდიდესი მოწიწებით იხსენებდა ყოველთვის, მერე სულ ნანობდა, დავმჯდარიყავიო, მაგრამ ვერ გავუბედეო.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge