„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწერალ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს უსამძიმრებს. ამის შესახებ კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის აღნიშნავს, დოჩანაშვილმა გენიალური მოთხრობები დატოვა.
„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“ - ამ სიტყვებთან ერთად, გურამ დოჩანაშვილმა დაგვიტოვა გენიალური მოთხრობები, რომლებიც გვასწავლის კეთილისა და ბოროტის გარჩევას, ადამიანის სიყვარულს, სიცოცხლის სიყვარულს. ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს, ახლობლებს, ყველას, ვისაც უყვარს ლიტერატურა და დოჩანაშვილის უკვდავი ნაწარმოებები“,- წერს კობახიძე.
მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს გარდაიცვალა. ის „ნიუ ჰოსპიტალსში“ გუშინ გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებში იმყოფებოდა.
გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".
გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია - „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, "თავფარავნელი ჭაბუკი", "ლოდი ნასაყდრალი" .
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge