21:58 07.04.2021
არის ძალიან კარგად ორგანიზებული ლობისტური ორგანიზაცია, რომელსაც სააკაშვილი წლების განმავლობაში აფინანსებდა - პოლ ჯოელი

არის ძალიან კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული ლობისტური ორგანიზაცია, რომელსაც სააკაშვილი წლების განმავლობაში აფინანსებდა და, რა თქმა უნდა, არის მრავალწლიანი ურთიერთობის ტრადიციები, რომელსაც საფუძველი დიდი ხნის წინ, მისი პრეზიდენტობისას, ჯერ კიდევ იმ დროს ჩაეყარა, როდესაც ის აფინანსებდა დასავლელი ექსპერტების ჯგუფს“, - განაცხადა საკონსულტაციო კომპანია NSI-ის წარმომადგენელმა პოლ ჯოელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.

ჯოელის თქმით, ეს ქსელი ჯერ კიდევ არსებობს და ავრცელებენ "სამეცნიერო ფანტასტიკას", თითქოს ეს ყველაფერი რუსულია.

„მოდით, ვისაუბროთ იმაზე, რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს სენატის წევრები, ევროკავშირის წარმომადგენლები და სხვები. იყო ნარატივი, რომელსაც, სამწუხაროდ, ძალიან ეფექტიანად იყენებდნენ სააკაშვილი და მისი ხალხი, - რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია რუსეთის ქმნილებაა, რადგან ქონება მან რუსეთში იშოვა და მდიდარ ადამიანად იქცა. არიან ადამიანები, ვინც ამის გაგებისთანავე თქვა – "ოჰ, აი, რაშია საქმე". თუმცა, მე როგორც მესმის, ბატონმა ივანიშვილმა გაყიდა თავისი ქონება რუსეთში და ყურადღება საქართველოზე გაამახვილა. ვიცით, რომ უპირველეს ყოვლისა, ქართველები მეტისმეტად ნაციონალისტები არიან და ის, რომ ქვეყანაში შესაძლოა, ისტორიის ამ ეტაპზე რუსული გავლენა კვლავ გავრცელდეს, ვფიქრობ, ფანტასტიკაა. ეს ხორცის ის ნაჭერია, რომელსაც რუსეთი ნამდვილად ვერ გადაყლაპავს, თუკი ქვეყნის დაკავებას გადაწყვეტს.

უბრალოდ, ფაქტებს გადახედეთ. მაგალითად, საქართველოს სამხედრო ძალის განვითარებას, მის კოორდინაციას ნატო-თან, მის წევრებთან მუშაობისას ნახავთ, რამდენად მაღალი დონეა ურთიერთობის და პროფესიონალიზმის, ვიდრე ეს იყო სააკაშვილის დროს“, – განაცხადა  ჯოელმა.

როგორც მან აღნიშნა, ტყუილია ის, რაც რუსეთის საგარეო დაზღვევის სამსახურის უფროსმა ნარიშკინმა თქვა, - თითქოს სააკაშვილმა გააღო კარი, რათა საქართველოში პროდასავლურ ხმას შეეღწია და დასავლურ საზოგადოებასთან უკეთესი ურთიერთობა დაემყარებინა.

„პროცესი შევარდნაძემ დაიწყო. მეც იმ პროცესის ნაწილი ვიყავი. ზურაბ ჟვანიასთან ვმუშაობდი, როცა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო და, როცა „იუ ეიჩ ვან“ ტიპის ვერტმფრენების გადმოცემაზე ურთიერთობა ჰქონდათ შეერთებული შტატების ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან. ეს გზა მასთან ერთად დაიწყო და არა სააკაშვილთან ერთად. თუმცა, ეს ის ზღაპარია, რომლის მოყოლაც ძალიან უყვარს – "ყველაფერი მე, ყველაფერი მე გავაკეთე!"

საკუთარი უპირატესობისთვის ამ ყველაფრით მანიპულირებენ. ვშიშობ, რომ არიან დასავლური საზოგადოების წევრები, რომლებისთვისაც ეს შეხედულება კვლავ მისაღებია“, – განაცხადა  ჯოელმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge