16:13 08.04.2021
"ხომ შეიძლებოდა ხელისუფლებას ის ადამიანები, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა, არ დაევიწყებინა?!"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"კომუნისტები უღმრთოები იყვნენ, მაგრამ თავიანთი ათეისტური კულტი, ამ კულტის მკაფიოდ გამორჩეული, საკრალური და დასჯის შიშით სავალდებულოდ სათაყვანებელი, ლიტურგიული სიმბოლოები ჰქონდათ: უწინარეს ყოვლისა, დროითი სიმბოლოები. მაგალითად, ისეთი საბჭოურად საკულტო ნივთი, როგორიცაა ამოსახევ ფურცლებიანი მაგიდის კალენდარი, რომელიც აუცილებელი, თითქოსადა საყოფაცხოვრებო ატრიბუტი იყო ყოველი საბჭოთა ოჯახისა, საკრალიზებული გახლდათ, რადგან თითოეული ამოსახევი ფურცლის თავში ეწერა: „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მე -... წელი“. ანუ, ახალი წელთაღრიცხვის ესა და ეს წელიაო - მთავარს, ძირითადს, ე.ი. კულტის დაფუძნებას „ტოტალიტარულად“ გვაუწყებდა კალენდარი. „დრო, დრო აღნიშნეთო“ და კომუნისტური დროითი წრებრუნვა, რასაკვირველია, კულტის საკრალურ თარიღებთან სრულიად ირაციონალურად იყო დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტები გადავიდნენ მთელს მსოფლიოში გავრცელებული ახალი დროითი აღრიცხვის - გრეგორიანული კალენდრის „ახალ სტილზე“, რის გამოც ძველი სტილის 25 ოქტომბერი 7 ნოემბერი გახდა, „ოქტომბრის რეოლუციის“ სახელდება არ შეუცვლიათ და ბავშვობაში ვერაფრით გამეგო, რატომ გვაზეიმედნენ ოქტომბრად წოდებულს ნოემბერში?! მაშინ ვერ ვიგებდი, რომ ესეც საკულტო რიტუალის საკრალიზაციის და კონკრეტული რეალობის მიუხედავად მისი ლიტურგიული ხელშეუხებლობის, ე.ი. „ოქტომბრის გამარადისების“ აქტი იყო.


კომუნისტები გადაშენდნენ. მათი საკრალური სიმბოლოები ეპოქალურმა წარღვნამ ერთხელ და სამუდამოდ წალეკა. ახალი, საერთოდ საკრალური თარიღებიდან კი 9 აპრილია უდავოდ ყველაზე ღირშესანიშნავი.


ცხადია, არ ვითხოვ, რომ ახლაც, კომუნისტებისა არ იყოს, მაგიდის საკულტო, ლიტურგიული კალენდარი გამოუშვან, რომლის ყოველი ამოსახევი ფურცლის თავში ეწერება:“დამოუკიდებლობის აღდგენის მე-...წლისთავი“, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამ ხელისუფლებას ცოტა მეტი ყურადღება გამოეჩინა და ის ადამიანები, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა, ახლა მაინც, თუნდაც იმიტომ, რომ „მრგვალი თარიღია“, არ დაევიწყებინა?! მათი დაფასება ხომ სხვა არაფერია, თუ არა ნებისმიერი ქართული ხელისუფლების მიერ საკუთარი თავის პატივისცემა?! არ იყო აუცილებელი რაღაც პომპეზურობა, მაგრამ რა გახდა, რომ ეს ადამიანები ვინმეს წელს მაინც გახსენებოდა, შეეკრიბა და უბრალოდ, ადამიანურად, მადლობა ეთქვა?!


მარადისობის დღე დავარქვათო. „ოქტომბრის გამარადისებას“ მაგონებს. არადა, მარადისობა კი არა, გუშინდელი აღარ გვახსოვს მგონი, თუკი ეს გუშინდელი პიროვნულად, არა უშულოად „მეს“ არამედ სხვა ადამიანს უფრო უკავშირდება. ესეც სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს, ღმერთმანი,"- წერს ის.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge