16:44 08.04.2021
ქართული სცენარი - უკრაინა და ნატოს წევრობა - Junge Welt

გერმანულ გაზეთ „იუნგე ველტ“-ში («Junge Welt») გამოქვეყნებულია კომენტარი სათაურით „ქართული სცენარი: უკრაინა და ნატოს წევრობა“, რომელშიც განხილულია უკრაინის პოზიცია - ისარგებლოს ნატოს მხარდაჭერით დონბასის პრობლემის მოგვარების მიზნით (ავტორი - რეინჰარდ ლაუთერბახი).

 

გთავაზობთ სტატიის ქართულ ენაზე თარგმნილ ტექსტს:

 

„ნათქვამია, ისტორია მეორდებაო. ყოველ შემთხვევაში, მთლად ზუსტად თუ არა, ზოგადი სახით მაინც. უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები საბედისწეროდ მოგვაგონებს იმ დაძაბულობას, რომელიც 2008 წლის ზაფხულში საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ. ამერიკის მხრიდან მიღებული დაპირების საფუძველზე იგი დარწმუნებული იყო, რომ დიდი რისკის გარეშე შეიძლებოდა ეროვნული მიზნის განხორციელება - დაებრუნებინა ის რეგიონები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების კონტროლიდან გავიდნენ. რეალურად კი სიტუაცია სხვაგვარად განვითარდა: როცა ქართული არმიის არტილერიამ რუსული სამშვიდობო ძალები დააზარალა,  მოსკოვმა ამ ფაქტით ისარგებლა და სამხედრო ჩარევა განახორციელა.

 

დღეს საქართველო ნატოში გაწევრიანების მიზანთან იგივე მანძილითაა დაშორებული, როგორც მაშინ იყო, თუმცა დასავლეთში აცხადებენ, რომ ყველა შემთხვევაში, ალიანსთან საქართველო უფრო ახლოსაა, ვიდრე უკრაინა.

 

შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ემოციური მოწოდებების ფონზე - მხოლოდ ნატოში გაწევრიანება თუ მოგვიგვარებს დონბასის კონფლიქტსო - ძალიან დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ ამ მოწოდებებს სრულიად შებრუნებული ეფექტი ჰქონდეთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კიევი ცდილობს ნატოს წესდება დაარღვიოს, რომლის თანახმად, სამხედრო ალიანსი თავის წევრად ყველა მსურველს კი არ იღებს, ვისაც „კარისთვის ფეხის დადება და შიგნით შეხედვა შეუძლია“, არამედ მხოლოდ ისეთებს, რომლებიც მოთხოვნებს ზუსტად აკმაყოფილებენ, კერძოდ, - ნატოში გაწევრიანების კანდიდატებს არ უნდა ჰქონდეთ ღია სასაზღვრო კონფლიქტები მეზობლებთან. ამით სამხედრო ალიანსი ცდილობს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც იმისგან, რომ არ გახდეს რომელიმე კონკრეტული, მაგრამ სტრატეგიულად შედარებით უმნიშვნელო ტერიტორიული კონფლიქტების მძევალი.

 

დონბასიც არ არის სტრატეგიულად ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც თავად, სარაევო იყო 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას. ვლადიმერ ზელენსკი შეცდომას უშვებს და ვერ ერკვევა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ანგელა მერკელის, ემანუელ მაკრონის, იენს სტოლტენბერგისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების ლიდერების დაპირებათა ჭეშმარიტ ხასიათში - „მათი ურყევი მხარდაჭერის შესახებ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“. მათი დაპირებების უკან არსებული რეალური სიტუაცია კი ასეთია: სანამ თქვენ თვითონ არ მოაგვარებთ საკუთარ კონფლიქტებს, ნატოს წევრი ვერ გახდებით.

 

რასაკვირველია, ასეთი რეალობა დამამშვიდებელი ნამდვილად არ არის. ამიტომაც კონფლიქტის ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზე უკრაინელმა სტრატეგოსებმა პარალელური გეგმა შეიმუშავეს: თუ ნატო, თავისი პრინციპის გამო - ახალი წევრის მიღება ყველას თანხმობით უნდა მოხდეს - „სიმხდალეს გამოიჩენს“ (ყოველ შემთხვევაში, ასე თვლის ვლ.ზელენსკის პარტიის ფრაქციის ლიდერი ნაროდნა რადაში დავით არახამია) და უკრაინას ალიანსის წევრად არ მიიღებს, მაში კიევს შეუძლია აშშ-სთან ორმხრივი შეთანხმება გააფორმოს და ვაშინგტონის  სტრატეგიულ მოკავშირედ იქცეს - დაახლოებით ისეთად, როგორსაც ისრაელი წარმოადგენს. შესაძლოა, ამაზე ამერიკა დათანხმდეს, მაგრამ უკრაინა თავისი პოზიციის სისწორეში მაინცდამაინც დარწმუნებული ნუ იქნება: სხვის იმედზე დაწყებულ ომში, ალბათ, უკრაინელები დამარცხდებიან, სარგებელს ამერიკა ნახავს და არა უკრაინა.

 

წყარო: https://www.jungewelt.de/artikel/400110.georgisches-szenario.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge