დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მე და ბაიდენი ვისხედით სასტუმრო „კოპალას“ აივანზე, სად იყო იმის გარანტია, რომ ბომბი ნახევრად მელოტ თავზე არ დაეცემოდა? - მიხეილ სააკაშვილი 12.04.2021 20:35

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში
დღეს, 12 აპრილს, დილით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის რადიოსადგურის „ეხო მოსკვის“ («Эхо Москвы») პროგრამა «Разворот»-ში ისაუბრა. პროგრამის წამყვანებმა ალექსი ნარიშკინმა და მაშა მაიერსმა მას კითხვები დაუსვეს როგორც უკრაინის საშინაო პოლიტიკის, ასევე რუსეთ-უკრაინის გამწვავებულ ურთიერთობაზე, გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს ომიც...
გთავაზობთ ამონარიდს საუბრიდან:

მაშა მაიერსი: მოიცა, მიხეილ, ისე ლაპარაკობ, ვერ გავიგე. თქვენი პოზიციიდან ირკვევა, რომ აგრესიულ პუტინს უკრაინის დამონება სურს, ხოლო კარგ ვაშინგტონს - უკრაინის დახმარება. მაშინ რა ფასის გადახდა მოუწევს უკრაინას ამერიკისათვის - დახმარებისა და მფარველობის გამო?
მიხეილ სააკაშვილი: და განა ჩვენ რამე გადავიხადეთ? როცა 2008 წელს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ სამხედრო-ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყება გამოაცხადა, მოსკოვის ჯარი თბილისის მისადგომებთან შეაჩერა, განა ისინი ამისთვის რაიმეს ითხოვდნენ ჩვენგან? არაფერსაც არ ითხოვდნენ. პირიქით, ამის შემდეგ ჩვენ მილიარდი დოლარი მოგვცეს. სხვათა შორის, ეს იმდროინდელი სენატორის ჯო ბაიდენის წინადადება იყო, რომელიც გაგანია დაბომბვების დროს თბილისში ჩამოვიდა. მახსოვს, ჩვენ ორივე ვისხედით სასტუმრო „კოპალას“ ბალკონზე, თბილისის ცენტრში, ჩვენ თავზე კი რუსული ბომბდამშენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ. ჯო ბაიდენი ამ ხმას აუცილებლად დაიმახსოვრებდა. და განა სად იყო იმის გარანტია, რომ 500-კილოგრამიანი ბომბი მის ნახევრად მელოტ თავს არ დაეცემოდა? მე ამის მოწმე ვარ, ჩვენ ერთად ვვახშმობდით. თან, ვიმეორებ, რუსული ბომბდამშენები ძალიან დაბლა დაფრინავდნენ...
მაშა მაიერსი: და არ გეშინოდა, მიხეილ?
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ იმ დროისათვის უკვე მიჩვეული ვიყავით, რამდენიმე დღე იყო გასული ომის დაწყებიდან. აი, ჯო ბაიდენი კი... თუმცა არც ის არ ჩანდა შეშინებული. იგი ჩამოვიდა, თავისი არჩევანი გააკეთა. ამიტომაც ჯო ბაიდენი ის კაცია, რომელიც რისკავს და აკეთებს კიდეც. აი, ამერიკამ [მისი ძალისხმევით] მილიარდი დოლარი მოგვცა. ამის შემდეგ ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩვენთვის იარაღის გადმოცემის შესახებ. დაიწყო მოლაპარაკება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე. ამერიკელებმა კიდევ 150 მილიონი დოლარი მოგვცეს ამერიკული უნივერსიტეტისათვის. ჩვენ მათგან სხვა ფული არ აგვიღია. რატომ? იმიტომ, რომ ფული ჩვენ თვითონაც საკმარისი გვქონდა, რადგან კორუფცია დავამარცხეთ - მიუხედავად იმისა, რომ ნავთობით და გაზით მდიდრები არ ვართ. ამერიკელები მთლიანობაში ჩვენგან არაფერს არ ითხოვდნენ. უფრო ზუსტად - იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ მათ ჩვენგან რაღაც ითხოვეს, მაგრამ მე უარი ვუთხარი... თუმცა ამის გამო ისტერიკას არ აწყობდნენ...
მაშა მაიერსი: დაასახელეთ მაგალითი...
მიხეილ სააკაშვილი: მაგალითად, რუსეთის მიღება მსო-ში (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში). ამერიკელები რუსეთს ქათმის ხორცზე („ბუშის ფეხებზე“) გაურიგდნენ. მათი დავა დიდი ხნის წინათ დაიწყო და საბოლოდ გადაწყვიტეს, ჩვენ კი რუსეთთან სხვა პრობლემები გვქონდა. ამერიკელები გვეუბნებიან - ბიჭებო, ჩვენ უკვე რუსებს მოველაპარაკეთ, თანახმანი ვართ მათ მიღებაზე, თქვენც ხელი უნდა მოაწეროთ“. საბოლოოდ, ერთადერთი ქვეყანა ჩვენ დავრჩით - საქართველო, რომელმაც უარი თქვა რუსეთის მსო-ში მიღებაზე. ჩვენ ამერიკელებს ვუთხარით: „კარგად გვესმის თქვენი არგუმენტები, მაგრამ ჩვენი ხელს ვერ მოვაწერთ, რადგან ერთი პატარა პრობლემა გვაქვს: რუსეთი ჩვენს საზღვრებს არ აღიარებს“. ჩემთან ჩამოვიდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რომელიც ახლა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორია. ჩამოვიდა ჰილარი კლინტონი, დამირეკა ბარაკ ობამამ. მე უარზე ვიყავი, სანამ რუსეთი დათმობაზე არ წავიდა... მოსკოვმა საერთოდ ვერაფერი გაიგო: რუსები ფიქრობდნენ, რომ ამერიკელები მათთან რაღაც თამაშს თამაშობდნენ. სინამდვილეში ეს ჩვენი პოზიცია იყო, რომელსაც ამერიკელებმა პატივი სცეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ