20:11 14.04.2021
რუსთაველის თეატრმა მოხსნა 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი „იულიუს კეისარი“, რომელშიც მსახიობი ბესო ზანგური მონაწილეობს

რუსთაველის თეატრმა მოხსნა 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი „იულიუს კეისარი“, რომელშიც მსახიობი ბესო ზანგური მონაწილეობს.

„რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს „იულიუს კეისარი“, – აღნიშნულია თეატრის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მაყურებელს შეუძლია, ბილეთები დააბრუნოს თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე შეძენილი ბილეთების თანხა მათ ანგარიშზე დაუბრუნდებათ.

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის მხრიდან 11 წლის წინ ინტენსიურ ძალადობაზე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა. ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. საკითხით დაინტერესდნენ სამართალდამცველებიც. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, როგორც ნინუცა მაყაშვილმა საქართველოს პირველ არხს უთხრა, გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. კომენტარისთვის დავუკავშირდით ბესო ზანგურსაც, რომელიც ყოფილ მეუღლეზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge