23:33 15.04.2021
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დგას პუტინის მიერ დაჯილდოებული, მოსკოვიდან ჩამოსული ბიზნესმენი - არის თუ არა რუსული ინტერესი?

 

 

 

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე, სხვადსხვა ინტერესები იკვეთება. დიდი ალბათობით აქციაზე მყოფ ადამიანთა მიზანიც განსხვავებულია. არის თუ არა რუსული ინტერესი? - აქციაზე დგას პუტინის მიერ დაჯილდოებული მოსკოვიდან ჩამოსული ბიზნესმენი და აფინანსებდა თუ არა ის რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს.

ილია ძოწენიძე რუსეთში ნავთობის ბიზნესშია. წარმატებული ბიზნესსაქმიანობისა და რუსეთის ფედერაციაში სამთო გეოლოგიის განვითარებისთვის მიღებული აქვს სპეციალური ჯილდო რუსეთის პირველი პირებისგან. ის რუსეთის მოქალაქეა. წინა ხელისუფლების დროს მას ორმაგი მოქალაქეობაც მიანიჭეს, თუმცა 2011 წელს სამართლებრივი პრობლემები შეექმნა. თავადვე არ უარყოფს, რომ მაშინ რუსეთში გაქცევა ოკუპირებული ცხინვალის გავლით მოახერხა. მედიაში ასევე თავად ყვება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასჯელს იხდის მისი ვაჟი, ქურდულ სამყაროში "ჰალვას" მეტსახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ძოწენიძემ ჰესის საწინააღმდეგო აქციების დაფინანსების სურვილი გამოთქვა, რასაც ორგანიზატორები უარყოფენ და მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი სოფელ რიონშია დაბადებული, რიონის ხეობის მცველები ამტკიცებენ, რომ საპროტესტო აქციებამდე მას არ იცნობდნენ.

გარკვეული კითხვები საზოგადოებას იმ პოლიტიკურ ძალასთანაც აქვს, რომელიც დღეს აქციაზე იმყოფებოდა. "ქართული მარშის" ლიდერები გუმათში დილიდან გამოჩნდნენ. მიზნად ეროვნული ინტერესები დაცვა დაასახელეს და არ დამალეს, რომ აქციის ორგანიზატორებისთვის ერთგვარი რჩევების მიცემაც სურდათ. იცნობენ თუ არა მარშელები ილია ძოწენიძეს? - თავად ნაცნობობას უარყოფენ, თუმცა მათი თანამოაზრეების ბიზნესმენთან ახლობლობა ფოტოთიც დასტურდება.

იკვეთება თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობაში რუსული ინტერესი? - ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ამ ინტერესის გააქტიურებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. იქ, სადაც დღეს საკითხზე პასუხისმგებლები არიან, განმარტავენ, რომ ნამახვანჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პროპორციულია, რაც პირველ რიგში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მმართველ გუნდში საპროტესტო მოძრაობის მიღმა სწორედ რუსულ ძალებს ხედავენ.

 

 

 

რუსთავი-2

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge