00:42 16.04.2021
დღევანდელმა შეხვედრამ დაგვანახა დათმობილი პოზიცია ხელისუფლების მხრიდან, კონსტრუქციული დამოკიდებულება ჩვენს მოთხოვნებზე - მირზა ნოზაძე

დღევანდელმა შეხვედრამ დაგვანახა დათმობილი პოზიცია ხელისუფლების მხრიდან, კონსტრუქციული დამოკიდებულება ჩვენს მოთხოვნებზე, ველოდებით ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შემდგომი ნაბიჯების გაჟღერებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვადებს რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვერ გვეუბნებიან პროგნოზს, მაგრამ ყველას ინტერესია, ყველა აქ წარმოდგენილი დეპუტატის თუ სხვა თანამდებობის პირის ინტერესია, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ჩვენ მივიღოთ პასუხები მათგან, თუ ისინი დაგვთანხმდებიან იმ სამ პირობაზე, რომლებიც წავუყენეთ. ეს გამოიწვევს პროტესტის შემსუბუქებას და ეს ყველას ინტერესებშია. პროტესტი გრძელდება იმ ფორმატში, რა ფორმატშიც გრძელდებოდა აქამდე, სანამ არ გავიგებთ მათი შემდგომი ნაბიჯების გეგმებს. ჩვენ ვრჩებით პრინციპულად შეუცვლელ პოზიციაზე, ვაგრძელებთ აქციებს იმავე ფორმატით. ეს გაგრძელდება, ვიდრე არ გავიგებთ, დღევანდელი საუბრიდან რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები. ამის შემდეგ ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს სამოქმედო გეგმას და გაცნობებთ“, – აღნიშნა მირზა ნოზაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა მოწოდებები, რომ სხვადასხვა ქალაქიდანაც შემოუერთდნენ აქციას, მირზა ნოზაძემ განაცხადა, რომ ამის საჭიროება აღარ დგას.

„რა თქმა უნდა, არ იქნება ეს მოწოდებები, რადგან ამ მოწოდებების შინაარსი და სულისკვეთება მდგომარეობდა, მიგვეწვდინა ხმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენ ვართ რეალური და ხალხის აზრის გამომხატავი პროტესტი და ამას აქვს ნამდვილად ის მხარდაჭერა, რომელიც ყველა ქალაქიდან და ყველა კუთხიდან ხმას აწვდენს ხელისუფლებას. დღევანდელმა შეხვედრამ დაგვანახა დათმობილი პოზიცია ხელისუფლების მხრიდან, კონსტრუქციული დამოკიდებულება მათი მხრიდან ჩვენს მოთხოვნებზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, მსგავს მოწოდებებს აღარ ვსაჭიროებთ პროტესტის შინაარსიდან გამომდინარე, თუმცა გუმათში პროტესტი გრძელდება იმავე სულისკვეთებით. ჩვენ ველოდებით ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შემდგომი ნაბიჯების გაჟღერებას და ამის შემდეგ შესაძლებელია, თუ ისინი არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, იმავე ფორმატში გავაგრძელოთ პროტესტი და ისინი აუცილებლად ​გვიხილავენ ჩვენ თბილისში“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge