დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით ხელოვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 16.04.2021 11:13

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მედიის მკვლევარ ანა ბაქანიძესთან ერთად „მზიურის“ პარკში ხელოვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით ,,თბილისი - სიყვარულით სავსე ქალაქი და ისტორიული სინამდვილე“ გაიმართა.


ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, საკრებულოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, თბილისი სიყვარულით სავსე ქალაქია და ეს მხოლოდ დედაქალაქის თანამედროვე სლოგანი კი არა, ისტორიული სინამდვილეცაა.


„თბილისის სხვადასხვა უბანში არსებობს გამორჩეული ადგილები, რომლებიც  ლამაზ სასიყვარულო ამბებს ინახავენ. ცნობილი ადამიანების არაერთი საინტერესო ისტორია არქივში, მოსახლეობის მეხსიერებასა და პრესაშია დაცული.


ერთი შეხედვით ცნობილ ხელოვანთა სასიყვარულო მიმოწერები დღეს უკვე ერის ისტორიული მეხსიერება და მუზეუმში დაცული უნიკალური მასალაა, რომელიც საზოგადოების უმრავლესობისთვის უცნობია.


რამდენადაც 15 აპრილი ხელოვნებისა და კულტურის მსოფლიო დღეა და ის UNESCO-ს ეგიდითა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივით 1998 წლიდან აღინიშნება, ჩვენი მიზანი გახლდათ ამ დღის აღნიშვნას შევერთებოდით და  საზოგადოებისთვის ეს უნიკალური მასალები ხელმისაწვდომი გაგვეხადა,“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

 

ღონისძიება მიზნად თბილისის მუზეუმებსა და არქივში დაცული იმ საინტერესო მასალების წარმოდგენას ისახავდა, რომლებიც  ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სასიყვარულო ამბებისა და მიმოწერის ისტორიას მოიცავს. წარმოდგენილ მასალებს შორის იყო გალაკტიონისა და ოლღა ოკუჯავას, ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის სასიყვარულო წერილები.


თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებმა და სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა საარქივო მასალები მხატვრული კითხვით გააცოცხლეს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა „ერისიონი“.


დასასრულს, მონაწილეებმა მზიურის პარკში სიმბოლურად ბროწეულის ხეები დარგეს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ