ამერიკას ავღანეთიდან ჯარი გაჰყავს. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ „დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი და ამერიკის ჯარები შინ დაბრუნდნენ“. ისინი ავღანეთს 11 სექტემბრამდე დატოვებენ. შესაბამისად, სრულდება 20-წლიანი საერთაშორისო სამშვიდობო მისია და ამ მისიის ქოლგის ქვეშ ქართველი სამხედროების ყოფნაც ცხელ მიწაზე.
რა იქნება მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდეგ - შეინარჩუნებს თუ არა ავღანეთი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების გარეშე მყიფე მშვიდობას, „ჯორჯიან თაიმსი“ სამხედრო ექსპერტ ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.
- ის, რომ მტკიცე მხარადჭერის მისიის შემდეგ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაცია ავღანეთში შეწყდებოდა, რამდენიმე წლის წინ ითქვა. ეტაპობრივად, შემცირდა საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტიც, ამის ფონზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო?
- შეერთებულ შატებში ყოველი ახალი ადმინისტრაციის მოსვლისას გარკვეული საკითხებისადმი მიდგომები იცვლება. ყველა ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას კონკრეტული ვითარების შესაბამისად იღებს. ტრამპის არჩევიდან მალევე, თეთრმა სახლმა ერაყიდან გამოიყვანა ჯარი. ახლა, ავღანეთის დროც დადგა. მთლიანობაში, ეს გრძელვადიანი სტრატრეგიის ნაწილია. ამერიკამ კონტიგენტის შემცირება დიდი ხანია, რაც დაიწყო და ჯარის სრულად გამოყვანაც გადაწყვეტილი იყო, რადგან დღეს, ტერორისტული საფრთხეები, რომლის გამოც ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაიწყო, 100 პროცენტით არა, მაგრამ მინიმუმამდეა შემცირებული.
- ახლა ძირითადად, რა სახის საფრთხეებია ავღანეთში?
- მისია ძირითადად ანტიტერორისტული იყო, მაგრამ, არის ნარკოტიკების გავრცელების საფრთხეც. ავღანეთის მისიაში გადამწყვეტი როლი სწორედ ამერიკას ჰქონდა. თუმცა, ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მისიის მონაწილე საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებით მიიღო და არც ევროპისგან მოგვისმენია უარყოფითი შეფასებები.
ისედაც, ხომ არ შეიძლება, დამოუკიდებელ სახელმწიფოში მუდმივად იდგეს მისია?! რაღაც ეტაპზე, ეს პროცესი უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის, იქ საფრთხეები მინიმალიზებულია. ხვალ, ზეგ, რა იქნება, ამას განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს. თუ საჭიროება დადგა, შესაძლოა საერთაშორისო მისია ისევ განახლდეს.
- ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანას სერიოზული შეცდომა უწოდა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა...
- „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მიერ ერთმანეთის პოლიტიკის კრიტიკა უცხო არ არის. ასეთივე კრიტიკა ისმოდა „დემოკრატების მხრიდან, როდესაც, აშშ-მ დატოვა ერაყი. შესაძლოა, კონგრესმენ კინზინგერის კრიტიკაში სიმართლეც იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება მიღებულია.
ჩვენთვის ისიც ფაქტია, რომ საქართველოს რეგიონში, ავღანეთიდან, თუნდაც ახლო აღმოსავლეთიდან, საფრთხეებს ვეღარ ვხედავთ, რაც იმ წლებში იყო. გავიხსენოთ, თუნდაც, ე.წ ისლამური სახელმწიფოს ძალიან მოკლე დროში აღზევება და ის, რა საფრთხეს წარმოადგენდა მსოფლიოსთვის.
- როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს პროცესი რუსეთმა?
- ეს შეერთებული შტატების სახელისუფლებო წრეებში ალბათ უკვე გაანალიზეს... მაგრამ, ამას მეორე მხარეც აქვს.
- რას გულისხმობთ?
- მიუხედავად ურთიერთკრიტიკისა, ამერიკული სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნა ავღანეთში შემაკავებელი ფაქტორი იყო. როცა ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო მისია აღარ იქნება, რუსეთს, ავღანეთიდან წამოსულ საფრთხეებთან დამოუკიდებლად მოუწევს გამკლავება და კოორდინაცია შეერთებულ შტატებთან ამ საფრთხეებთან ერთობლივი ბრძოლის საკითხზე.
რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა განახლდეს რუსეთის სამხედრო ყოფნა ავღანეთში - თუ უნდათ დაბრუნდნენ და იყვნენ. საბჭოთა კავშირს 10 წელი ჰყავდა ჯარი ამ ქვეყანაში, მაგრამ ვერც შედეგი დადო და ვერც საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყო. რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით დაღუპულ და დასახიჩრებულ ადამიანზე, მათ შორის საქართველოდან.
- ამერიკულთან ერთად, ავღანეთს ქართული სამშვიდობო კონტინგენტიც ტოვებს. რა მისცა ამ მისიამ ქართულ ჯარს?
- პატივს მივაგებ ჩვენს მებრძოლებს, რომლებიც ავღანეთის ცხელ მიწაზე ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს იცავდნენ და სიცოცხლე შესწირეს მსოფლიო მშვიდობასა და სამშობლოს უსაფრთხოებას.
ქართული ჯარის ავტორიტეტის თამასა, ძალიან მაღალ ნიშნულზეა და იმის მიუხედავად, გაგრძელდება თუ არა საერთაშორისო მისიები, ეს არ წაიშლება ჩვენი საერთშორისო პარტნიორების მეხსიერებიდან. ეს სტანდარტი და პატივისცემა პირდაპირ ვიტყოდი, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ შენარჩუნდება.
ესაუბრა დალი ბჟალავა
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge