დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

რას უკავშირდება ჩინეთის ეკონომიკის რეკორდული ზრდა, მსოფლიო კრიზისის ფონზე 20.04.2021 13:14

ვირუსით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლა გრძელდება და გლობალური ეკონომიკური კრიზისიც კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებელი კლებულობს. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც, კოვიდპანდემიის მიუხედავად, მაინც მოახერხა ეკონომიკის რეკორდული  მაჩვენებლით ზრდა, -  ჩინეთია.

 

„ბიბისი“ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც,  ჩინეთის ეკონომიკა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18,3%-ით გაიზარდა.  ამ ფაქტს,  ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულ ბიუროც ადასტურებს.

 

რა გავლენა იქონია პანდემიამ მსოფლიოს ეკონომიკაზე, რამ გამოიწვია ჩინეთის ეკონომიკის ასეთი ტემპით ზრდა, მაშინ, როცა სხვა ქვეყნები პირიქით, გაღარიბდნენ  და რამდენად კრიტიული ვითარებაა ამ მხირვ, საქართველოში, - ამ საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, იოსებ ბერიკაშვილი ესაუბრა.

 

„სამყარო, მათ შორის ეკონომიკურად, აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. პანდემიამ, რომელიც ეკონომიკისთვის   ეგზოგენური, გარე ფაქტორია, ოცდამეერთე საუკუნეში ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ჩვენ, ჯერ კიდევ, ამ კრიზისის შუაგულში ვიმყოფებით. გაურკვევლია, ეს ყველაფერი როდის დამთავრდება. ამ პროცესს თავიდანვე გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობა  ახასიათებდა, რადგან, ეს არაეკონომიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული. ჯერჯერობით, არ ვიცით ვაქცინაციის პროცესს როგორი წარმატება ექნება, შესაბამისად, არ ვიცით ეკონომიკაში რა შეიძლება გამოსწორდეს და როგორ. მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყნებს შორის მიმოსვლა თითქმის შეწყვეტილია, შეჩერებულია, რაც, ეკონომიკისთვის დამაქცეველია“, - აცხადებს ის.

 

იოსებ ბერიკაშვილი ჩინეთში  ეკომონიკის გაზრდილ მაჩვენებელსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია, ეს მონაცემი გადაჭარბებული იყოს.

 

„2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ჩინეთის ეკონომიკა 18%-ზე მეტით გაზრდილია, რაც 1992 წლის მერე რეკორდული მაჩვენებელია. ამ ქვეყანაში პანდემია ადრე დაიწყო  და  ეპიდემიური კრიზისის დამარცხებაც  შედარებით ადრე მოხდა. არსებობს შეთქმულების თეორია, რომ ჩინეთმა პანდემია ხელოვნურად გამოიწვია, მაგრამ, დადასტურებული არ არის და ამ განხილვაში  ვერ შევალ. თუმცა, ზოგადად, ჩინეთისგან მოწოდებული  ინფორმაცია, მათ შორის რიცხვები, სტატისტიკის სამსახური, გარკვეულ უნდობლობას ყოველთვის იწვევს და შეიძლება, ეს 18 პროცენტიც გადაჭარბებული იყოს“, - განაცხადა მან.

 

„ჯორჯიან თაიმსთან“ იოსებ ბერიკაშვილმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობაც შეაფასა. მისი მოსაზრებით, კატასტროფული ვითარებიდან გამოსავალი ვაქცინაციის პროცესის სწრაფად წარმართვა და ეკონომიკის გახსნაა.

 

„ვერ ვიტყვი, რომ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ ვაცნობიერებთ. მართლა კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენ განსაკუთრებით იმიტომ დავზარალდით, რომ  ტურიზმზე ძალიან ვიყავით და ვართ  დამოკიდებულები. ქვეყნებს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია და ამან ტურიზმზე გავლენა იქონია. რეალურად, პანდემია ძალიან ცუდად ვმართეთ, დიდხანს  ვართ ჩაკეტილები, ახალ ლოქდაუნს (სხვა სახელით შეიძლება იყოს) კიდევ ვაპირებთ და ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკისთვის,რა თქმა უნდა, დამღუპველი.

გამოსავალი ალბათ არის ის, რომ  ვაქცინაციის პროცესი სწრაფად უნდა მოხდეს და ეკონომიკის სრული გახსნა შევძლოთ“,-განაცხდა იოსებ ბერიკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ