დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მეცნიერებმა პლასტმასის პირდაპირ საწვავად გარდაქმნის მეთოდს მიაგნეს 30.04.2021 17:11

პლასტმასის გადამუშავების ინდუსტრია ძლიერ მოიკოჭლებს. ამ დროისათვის, ისტორიის განმავლობაში დამზადებული პლასტმასის ნარჩენების მხოლოდ 9 პროცენტია ხელახლა გადამუშავებული. დაახლოებით 12 პროცენტი დაწვეს, დანარჩენი 79 პროცენტი კი მთელ პლანეტაზეა მიმოფანტული.

მეცნიერები აქტიურად მუშაობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ამ მასალებზე, მაგრამ ამავე დროს, იკვლევენ იმასაც, როგორ გამოვიყენოთ ხელახლა და საწვავად გარდავქმნათ პლასტმასის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპი — პოლიოლეფინი.

 

„ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მასალები გარემოსათვის უზარმაზარი საფრთხეა; დიდი გამოწვევა აღმოჩნდა მათი ხელახლა გადამუშავებაც, განსაკუთრებით კი პოლიოლეფინის“, — წერენ ახალ კვლევაში დელავერის უნივერსიტეტის მკვლევრები.

 

მათივე განცხადებით, მიაგნეს მეთოდს, რომლითაც პოლიოლეფინს პირდაპირ თხევად საწვავად გარდაქმნის, მათ შორის დიზელად, საავიაციო ნავთად და ბენზინის რიგის ნახშირწყალბადებად.

 

აღსანიშნავია, რომ ეს ნამდვილად არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეცნიერებმა პლასტმასი საწვავად გარდაქმნეს, მაგრამ მათი მთავარი მიზანია უფრო მეტი პლასტმასი გარდაიქმნას უფრო მეტ საწვავად, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებითა და ნაკლები რესურსებით.

ახალი მეთოდი ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია: იყენებს ასეთივე ტექნოლოგიებზე 50 პროცენტით უფრო ნაკლებ ენერგიას, შესაძლებელია განხორციელდეს სამზარეულოს ღუმელის ტემპერატურაზე და თან არ ახლავს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფა. მიღწევა მართლაც ამაღელვებელია.

 

„პლასტმასის ნარჩენი გარემოსთვის სერიოზული პრობლემაა. მჯერა, რომ ეს კვლევა შეიძლება დაეხმაროს პლასტმასის გადამუშავების უკეთესი მეთოდების მიგნებას“, — ამბობს დელავერის უნივერსიტეტის ქიმიის ინჟინერი ენდრიუ დანიელსონი.

 

პლასტმასის შემადგენელი ნახშირბადის ბმების დასაშლელად, ჯგუფმა მიმართა ქიმიურ პროცესს, სახელად ჰიდროკრეკინგს; გამოიყენა მინერალ ცეოლითისგან დამზადებული კატალიზატორისა და ლითონის ოქსიდების ნარევი.

 

ლითონის ოქსიდების ნარევს დიდი მოლეკულების დასაშლელად იყენებენ, ცეოლითი კი ხელს უწყობს განშტოებული მოლეკულების წარმოქმნას; ეს მეთოდი პლასტმასის გარდაქმნას და მისგან სხვა პროდუქტის მიღებას გაცილებით აადვილებს.

„ეს ორი კატალიზატორი ცალ-ცალკე არც ისე კარგად მუშაობს, მაგრამ ერთობლივად, კომბინაციაში, ნამდვილ მაგიას აკეთებენ — პლასტმასს ადნობენ ისე, რომ მიღებული პროდუქტი უკვე აღარ არის პლასტმასი. ეს ნივთიერებები ეგზოტიკური არ არის და შესაბამისად, სწრაფად შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი ამ ტექნოლოგიის გამოყენებაზე“, — ამბობს დელავერის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური ინჟინერი დაიონ ვლაჩოსი.

 

გარდა ამისა, მკვლევართა ეს მეთოდი არ მოითხოვს სხვადასხვა ტიპის პლასტმასის განცალკევებას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად ბაზარზე არსებული პლასტმასის მრავალი პროდუქტი მულტიკომპონენტიანია — კომპოზიტური, ნარევი ან აქვს სხვადასხვა ტიპის პლასტმასის მრავალი შრე.

 

რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს აღმოჩენა შორს არის პლასტმასის ნარჩენების პრობლემის გადაჭრისგან და წარმოადგენს დიდი პრობლემის გადაწყვეტის მხოლოდ ერთ კომპონენტს. წრიული ეკონომიკის შესაქმნელად, საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყდეს პლასტმასის დამზადების მიზნით ნავთობის მოპოვება, რაც მკვლევრებმაც კარგად იციან.

 

„წრიული ეკონომიკის პირობებში, მსოფლიოს უფრო ნაკლები ორიგინალი პლასტმასი დასჭირდება, რადგან დღეს დამზადებულ მასალებს ხვალ ხელახლა გამოვიყენებთ. გვსურს, რომ ახალი საგნების დასამზადებლად საჭირო ქიმიურ წარმოებაში მხოლოდ მწვანე ენერგია გამოვიყენოთ. სწორედ აქეთ წავალთ მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში“, — ამბობს დაიონ ვლაჩოსი.

 

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

 

მომზადებულია udel.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ